მე არ ვფიქრობ, რომ ჩვენ ოლიგარქიული მდგომარეობა გვაქვს ქვეყანაში,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საერთაშორისო კონფერენცია "მსოფლიო თავდაყირა - 2018"-ზე სიტყვით გამოსვლისას ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი არის „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი.
„მე არ ვფიქრობ, რომ ჩვენ ოლიგარქიული მდგომარეობა გვაქვს ქვეყანაში. ბიძინა ივანიშვილი არის „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი. ჩვენ 2012 წელს არჩევნები მოვიგეთ. საუკეთესო პასუხი იმაზე, თუ რა მოიტანა ჩვენი ქვეყნისთვის ამ დიდმა ცვლილებამ, არის საერთაშორისო რანჟირებები. როგორ გაუმჯობესდა ჩვენი რანჟირება ყველა მიმართულებით: მედია პლურალიზმი, ადამიანის უფლებები, კერძო სექტორის აქტივების საკუთრების დაცვა, გაცილებით უფრო მაღალი გამჭვირვალობა. შეგახსენებთ, რომ ბიუჯეტის გამჭვირვალობის თვალსაზრისით, ჩვენ ვართ ხუთეულში. რაც კვლევებს, საქართველო ნიდერლანდების, შვედეთის, დიდი ბრიტანეთის დონეზე დგას ძალიან ბევრ კვლევაში. ესაა კონკრეტული მიღწევები. ჩვენ ვართ სწორ გზაზე, დემოკრატიული ტრანსფორმირების გზაზე და ევროპული დემოკრატიის დამკვიდრების გზაზე.“, - განაცხადა ბახტაძემ.
კითხვაზე, ვინ არის მისი ხელმძღვანელი და ვის წინაშეა ანგარიშვალდებული, მან უპასუხა, რომ ანგარიშვალდებული ამომრჩევლის წინაშეა.
„მე ანგარიშვალდებული ვარ ამომრჩევლების, საქართველოს საზოგადოების წინაშე და ეს მკაფიოა. დანარჩენი არის პოლიტიკური სპეკულაციები. მე ვფიქრობ, რომ ამ კითხვაზე საუკეთესო პასუხი იქნებოდა რეალური სტატისტიკა და რეალური ციფრები. ასევე, ჩვენი განვითარება საერთაშორისო შეფასებებში“, - აღნიშნა ბახტაძემ.