საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და სომხეთის განათლებისა და მეცნიერების მინისტრი არმენ აშოტიანი ქალაქ ქუთაისში ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას ესტუმრნენ და იმ სომეხი ეროვნების პედაგოგებს შეხვდნენ, რომლებიც ამ სკოლაში ტრენინგს გადიან. ტრენინგის მონაწილეები საქართველოს სომხურენოვანი სკოლების დაწყებითი კლასების, ისტორიისა და სომხური ენის მასწავლებლები არიან.
ტრენინგი ოთხი დღის განმავლობაში გრძელება და ამ პერიოდში მონაწილეები სწავლების თანამედროვე მეთოდებს და დამხმარე სახელმძღვანელოებს ეცნობიან. ტრენინგს უძღვება სომხეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული ინსტიტუტის თანამშრომლები და ექსპერტები. სულ გადამზადებას 100 მასწავლებელი გადის.
ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში დასრულდა სარეაბილიტაციო სამუშაოები და ახალი სასწავლო წლიდან იგი სასწავლო პროცესს განაახლებს. სასწავლებელი არაქართულენოვანი მოსახლეობისათვის ქართულის, როგორც სახელმწიფო ენის შესწავლასა და ერთიან სამოქალაქო სივრცეში ინტეგრირებას უზრუნველყოფს. ძალზე მნიშველოვანია ამ სასწავლო დაწესებულების მისია, რადგან იგი მაღალმთიანი, ეროვნული უმცირესობებით დასახლებული და კონფლიქტის ზონების რეგიონების მოქმედ ან პოტენციურ საჯარო მოხელეებს უწყვეტი განათლების მიღებასა და კვალიფიკაციის სრულყოფას სთავაზობს.