სალომე ზურაბიშვილი არის აცდენილი იმ ქართულ სასიცოცხლო აუცილებლობებს, რაც გულისხმობს ოკუპაციას, სუვერენიტეტს და იმ პროცესს, რაც ოკუპირებულ ქვეყანაში უნდა იყოს, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მაჭუტაძემ განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნების” მიერ საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილისთვის მხარდაჭერა ამხელს მმართველი გუნდის ანტისახელმწიფოებრივ, პრორუსულ და არასერიოზულ დამოკიდებულებას ოკუპაციის, სუვერენიტეტისა და ქართული დემოკრატიის მიმართ.
„ჩემთვის მთავარი არის არა რიცხობრივი და ციფრობრივი ელექტორალური წინასწარმეტყველებები, არამედ ის შინაარსი, რომელსაც წარმოადგენს სალომე ზურაბიშვილი საქართველოს საზოგადოებრივი პოლიტიკური სინამდვილის წინაშე და ეს სინამდვილე და ეს შინაარსები ნამდვილად არ ითვალისწინებს ქართველი ხალხის სახელმწიფოებრივ და ეროვნულ საჭიროებებსა და ინტერესებს. ქალბატონი ზურაბიშვილი არის აცდენილი ქართულ სასიცოცხლო აუცილებლობებს, რაც გულისხმობს ოკუპაციას, სუვერენიტეტს და იმ დამოკიდებულებებსა და იმ პროცესს, რაც იმ ქვეყანაში უნდა იყოს, რომელიც ოკუპირებულია. მმართველი გუნდის მხარდაჭერა ამხელს მის ანტისახელმწიფოებრივ, პრორუსულ და არასერიოზულ დამოკიდებულებებს ოკუპაციის, სუვერენიტეტისა და ქართული დემოკრატიის მიმართ”,- განაცხადა ნიკა მაჭუტაძემ.