ჩვენი დაცვა ტელეკომპანია „იბერიისა“ არის არა მხოლოდ ერთი მედიასაშუალების, არამედ მთელი ქართული დემოკრატიის, თავისუფლების და სახელმწიფოებრიობის გამოსარჩლებაც, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენელმა ნიკა მაჭუტაძემ განაცხადა.
მისი თქმით, „ძალა ერთობაშია“ გმობს „იბერიას“ მიმართ მისივე თქმით, ხელისუფლების მიერ განხორციელებულ ქმედებებს.
„ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ და ვემიჯნებით ამ სახელისუფლებო რეპრესიებს და ვაცხადებთ, რომ ჩვენ ქართული საზოგადოება, ქართული სამოქალაქო პოლიტიკური სპექტრი არავის დაუთმობს თავის უმთავრეს მონაპოვარს, ქართველი ხალხის უმთავრეს მონაპოვარს, ეს არის სიტყვის თავისუფლება.
ჩვენ კარგად ვხედავთ იმ სახელისუფლებო ტერორს, სახელისუფლებო რეპრესიებს, რომელიც მიმდინარეობს თავისუფალი, დამოუკიდებელი მედია ორგანიზაციების წინააღმდეგ და რომელიც მიმართულია ამ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლების მოშლისთვის“, - განაცხადა მაჭუტაძემ.