ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე და პანკისში სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი 10 სექტემბრიდან აქციებს გამართავენ.
საპროტესტო აქცია 18:00 საათზე, პარლამენტის შენობის წინ გაიმართება. როგორც სარალიძემ „ჯი-ეიჩ-ენთან“ საუბარში განაცხადა, აღნიშნული აქცია პოლიტიკური პარტიების მონაწილეობის გარეშე გაიმართება.
სარალიძე შერჩევითი სამართლის დასრულებას ითხოვს. თუმცა, აქციის მთავარ მოთხოვნას ჯერ არ ამხელს.
რაც შეეხება პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნას, როგორც ის აღნიშნავს, მმართველი გუნდის მიერ წარმოდგენილი დასკვნა სამარცხვინოა.
„დასკვნა ერთადერთი არსებობს, რაც „ევროპელმა საქართველომ“ წარმოადგინა. ეს არის ზუსტად ის, რასაც 6 თვის განმალობაში ვამბობდი. აღმოჩნდა, რომ ჩემი მოთხოვნა სამართლიანი იყო.
სამწუხაროდ, მმართველმა გუნდმა ეს დასკვნა უარყო და თავიანთი წარმოადგინეს, რომელსაც არ ვეთანხმები, რადგან მათი დასკვნა სამარცხვინოა.
დასკვნაში ამბობენ თითქოს, ჩემი მოთხოვნა ის, იყო გაერკვიათ, თუ ვინ გაღუნა დანა, ვინ დაანგრია ფარდული და სუბელიანი რატომ იყო ხელშეუხებელი და არა ის, რომ ჩემი შვილის მკვლელის ვინაობის დადგენას, მის დაკავებას ვითხოვ. დამცინიან!“, - აცხადებს სარალიძე.