ტყიბულის მაღაროში დარჩენილ 7 მაღაროელს სამაშველო ჯგუფითა და ავტომაშველით ეძებენ, _ ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ტყიბულის გამგებელმა ლევან დოხნაძემ განუცხადა. მისი ინფორმაციით, აფეთქების დროს მაღაროში 13 ადამიანი იმყოფებოდა, რომელთაგან 6 გამოყვანილია.
"6 ადამიანს სხვადასხვა სახის დამწვრობა აღენიშნებათ და გადაყვანილები არიან ტყიბულის საავადმყოფოში, სადაც უტარდებათ პირველადი აუცილებელი სამედიცინო დახმარება. მოგვიანებით მათ ქუთაისისა და თბილისის კლინიკებში გადაიყვანენ. ქუთაისისა და თბილისის კლინიკებში გადაიყვანენ. გარდაცვლილების შესახებ ინფორმაციას არ ვფლობთ", _ განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" დოხნაძემ.
ტყიბულის მინდელის სახელობის მაღარო 27 აგვისტოს 21:00 საათზე აფეთქდა.
ცნობისთვის, ამავე მაღაროში აფეთქება მოხდა მიმდინარე წლის 3 მარტსაც. მაშინ აფეთქების შედეგად დაიღუპა 4 ადამიანი და ერთი მძიმედ დაშავდა.
მაღარო კომპანია "საქნახშირს" ეკუთვნის, რომელიც "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის" შვილობილი კომპნიაა.