ახლახანს მქონდა საუბარი უცხოელ კოლეგებთან, რომელთაც ჩვენ ვუთხარით „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, რომ პარტია არ აყენებს საპრეზიდენტო კანდიდატს ამ არჩევნებში. მათ ჰქონდათ დადებითი რეაქცია და თქვეს, რომ ეს არის სამაგალითო და დემოკრატიული ნაბიჯი, რომ მმართველი პარტია არჩევნებში აძლევს შესაძლებლობას სხვა პოლიტიკურ პარტიებს და საინიციატივო ჯგუფებს, მიიღონ მონაწილეობა და გაიმარჯვონ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, პარტია პოლიტსაბჭოს სხდომაზე განიხილავს, თუ რომელ კანდიდატს დაუჭერს მხარს „ქართული ოცნება“ და რა ფორმით იქნება ეს გამოხატული.
"თუ რომელ დამოუკიდებელ კანდიდატს დავუჭერთ მხარს, ამ ორი დღის განმავლობაში ვიმსჯელებთ და ამ გადაწყვეტილებას გავასაჯაროვებთ“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
რაც შეეხება მეორე ტურს, თალაკვაძე ამბობს, რომ კანდიდატებს აქვთ პირველ ტურში გამარჯვების შანსები.
"ტურებთან დაკავშირებით პოლიტიკურმა ექსპერტებმა უნდა გააკეთონ კომენტარი. კანდიდატებს აქვთ შანსები, გაიმარჯვონ პირველ ტურში, თუმცა თუ იქნება მეორე ტური, ესეც დემოკრატიული პროცესისთვის არის ნორმალური“, - დასძინა თალაკვაძემ.