მე ამაზე ინფორმაცია არ მაქვს, თუმცა პირველ რიგში ამით უნდა დაინტერესდნენ შესაბამისი უწყებები, მათ შორის სუს-ი და დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა რუსეთის პრეზიდენტის დაფინანსებით საქართველოში გამართულ მედიაკონფერენციასთან დაკავშირებით განაცხადა.
რაც შეეხება იმ მედიასაშუალებების აკრძალვას, რომლებიც პროპაგანდისთვის გამოიყენება, ჩუგოშვილი ამბობს, რომ ასეთი მედიასაშუალებების დახურვა გამოსავალი არ არის, რადგან რუსეთი ინფორმაციის მიწოდების სხვა გზას მაინც იპოვის.
"სამწუხაროდ, ეს რუსული რბილი ძალის ერთ-ერთი აგრესიული ფორმის გამოვლინებაა. როგორც წესი, ისინი ცდილობენ ხოლმე დაფარონ, როცა ასეთი ღონისძიებები ტარდება და თუ ახლა ღია ღონისძიება ტარდება, ეს საკმაოდ აგრესიული გამოხატულებაა პროპაგანდის. მე ამაზე ინფორმაცია არ მაქვს, თუმცა პირველ რიგში ამით უნდა დაინტერესდნენ შესაბამისი უწყებები, მათ შორის სუს-ი და დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება. დარწმუნებული ვარ, საქმის კურსში არიან, თუ რა პროცესი მიდის, ხდება თუ არა კანონის დარღვევით რამე და ა.შ. ეს არის ერთი საკითხი და მეორეა, უნდა აიკრძალოს თუ არა ის მედიასაშუალებები, რომლებიც პროპაგანდისთვის გამოიყენება რუსეთის ფედერაციის მხრიდან. ეს დილემა უდგას მთელ ევროპას. იქაც არის დისკუსია, უნდა აიკრძალოს თუ არა ის არხები, რომლებსაც რუსეთი იყნენებს მისი ინტერესების პროპაგანდირებისთვის. მიღებულია და ითვლება, რომ ასეთი მედიასაშუალებების დახურვა გამოსავალი არ არის, რადგან რუსეთი მაინც იპოვის სხვა გზას, რომ ინფორმაციის მიწოდების გზა იპოვოს", - განაცხადა ჩუგოშვილმა, რომელმაც აქვე აღნიშნა, რომ საჭიროა, რომ საზოგადოებამ ეს ყველაფერი დაინახოს სწორად და მოსახლეობამ აღიქვას, რომ ეს არის ომის ფორმა ოკუპანტის მხრიდან.
ცნობისთვის, საქართველოში მედიაკონფერენცია ტარდება, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ფონდის დაფინანსებით იმართება და რომელსაც ესწრებიან ჟურნალისტები, რომლებიც ოკუპაციას არ აღიარებენ.