ჩემი ინიციატივა იქნება, 21 წლიდან იყოს ნებადართული მარიხუანას მოწევა და არა 18-დან, - ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ განაცხადა.
მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში არის ძალიან კონკრეტული მინიშნება, როდესაც ადამიანი არის თავისუფალი მანამ, სანამ მესამე პირს მიაყენებს ზიანს. მისივე თქმით, მესამე პირისთვის ზიანის მიყენება უნდა განისაზღვროს.
„ჩემი პოზიციაა, უნდა მოხდეს უმკაცრესი რეგლამენტაცია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფარგლებში, რომელიც რამდენიმე კვირის წინ იქნა მიღებული. იქ არის ძალიან კონკრეტული მინიშნება, როდესაც ადამიანი არის თავისუფალი მანამ, სანამ მესამე პირს მიაყენებს ზიანს. მესამე პირისთვის ზიანის მიყენება უნდა განისაზღვროს. ჩემი ინიციატივა იქნება, 21 წლიდან იყოს ნებადართული მარიხუანას მოწევა და არა 18 წლიდან. გონებრივ განვითარებაზე მოქმედებს მარიხუანა, სანამ არ დასრულდება გონებრივი განვითარება და ეს ასაკი არის 21 წელი“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ, რომელმაც აქვე აღნიშნა, რომ საჯარო მოწევაზე უნდა დაწესდეს კონკრეტული აკრძალვები.
„მინიმუმ უნდა შეეხოს აკრძალვები, რაც ეხება თამბაქოს, ანუ საჯარო ადგილებში მოწევაზეა საუბარი, სადაც შეგიძლია მეორე პირს მიაყენო ზიანი. ასევე, გარკვეული პროფესიების მიმართ მაგალითად, რომელიც ეხება ადამიანის ჯანმრთელობას – ექიმი, მძღოლი და ა.შ, რომელთა ყურადღების კონცენტრაცია აუცილებელია, საჭიროა კონტროლი“, – დასძინა აკაკი ზოიძემ.
ზოიძის განცხადებით, არსებული რისკების შესახებ მომავალ თაობას ნათელი მესიჯები უნდა მიეცეს და შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამებში თანხები უნდა ჩაიდოს.
არსებული ინფორმაციით, ჯანდაცვის კომიტეტი აღნიშნულ მოთხოვნას სექტემბერში, ბიუჯეტის განხილვის დროს დააყენებს.