"პრეზიდენტის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ნამდვილად ვერ შევაფასებ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატის წარდგენასთან დაკავშირებით,- ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი მიქაუტძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, მარგველაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატს არ წარადგენს.
"სამართლებრივად ასეა, რომ ახალი პრეზიდენტის არჩევამდე მოქმედებს ძველი განაწესი, მას ჰქონდა უფლება, რომ წარედგინა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატი, თუმცა იმის შეფასება, თუ რატომ მიიღო მან ასეთი გადაწყვეტილება, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კომპეტენციას სცდება", - განაცხადა მიქაუტაძემ.
ის არ გამორიცხავს, უზენაეს სასამართლოში კანდიდატების წარდგენის წესთან დაკავშირებით, სარეფორმო ჯგუფის სამუშაო შეხვედრებიც გაიმართოს.
"იუსტიციის უმაღლესი საბჭო ამ საკითხებზე ადრეც მსჯელობდა და მომავალშიც აუცილებლად იმსჯელებს, თუ რა წესით უნდა მოხდეს უზენაეს სასამართლოში კანდიდატების წარდგენა. აღნიშნულთან დაკავშირებით, გამორცხული არ არის, სარეფორმო ჯგუფის სამუშაო შეხვედრებიც გაიმართოს და ერთობლივად ვიმსჯელოთ ამ თემაზე.
დღევანდელი მდგომარეობით, საკონსტუტუციო დონეზეა გარანტირებული სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, ეს კომპონენტი კიდევ უფრო გაძლიერდა და ამის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია სწორედ ის, რომ არა პოლიტიკური ხელისუფლება, არამედ თავად სასამართლო ხელისუფლება იქნება ჩართული იმ პროცესებში,რასაც ჰქვია უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტება და მოსამართლეების წარდგენა. გატარებული რეფორმა ვფიქრობ, სწორი და კარგი იყო.