მინდა იმედი გამოვთქვა, რომ ჩვენი კოლეგები „ქართული ოცნებიდან“ ხვალიდან მაინც გააგრძელებენ კომისიის სხდომებში მონაწილეობას, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძემ დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ძალიან სამწუხაროა, რომ კომისიის წევრების ნაწილი არ მონაწილეობს სხდომებში, მიუხედავად იმისა, რომ კარგად ესმით 5 სექტემბერს გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული.
„ჩვენ ვართ ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე კომისიის მუშაობის, რადგან წარმოდგენილი დასკვნა ახლა უკვე განიხილება კომისიის ფარგლებში. დრო ცოტაა დარჩენილი და ინტენსიურ რეჟიმში გვიწევს მუშაობა“,- განაცხადა კაპანაძემ, რომელმაც აქვე აღნიშნა, რომ ხვალ გაიმართება კომისიის მომდევნო სხდომა, რომელზეც კომისიის დასკვნის ის ნაწილი განიხილება, რაც საქმის გამოძიებას და მასზე რეაგირებას გულისხმობს.
„ჩემი წინადადებაა, რომ გავაგრძელოთ იმ გეგმით მოქმედება, რომელიც 2 დღის წინ მივიღეთ. კონკრეტულად კი, ხვალ გავმართოთ შეხვედრა 12:00 საათზე, ამ პერიოდში გვექნება წარმოდგენილი კომისიის დასკვნის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც ეხება იმ დარღვევებს, რომელიც აღმოჩენილია, როგორც გამოძიების, ისე რეაგირების პროცესში. ამის შემდეგ მომდევნო სხდომა იქნება ზეგ, 12:00 საათზე“,- დასძინა კაპანაძემ.