გაეროს საერთაშორისო სასამართლომ 2008 წლის აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სარჩელის განხილვის თარიღი დაასახელა. ზეპირი მოსმენა ჰააგაში ორ ეტაპად, 13-17 სექტემბერს გაიმართება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" იუსტიციის სამინისტროში განუმარტეს, სასამართლო პროცესს სამინისტროს წარმომდგენლები დაესწრებიან. საქართველოს ინტერესებს უცხოელი ადვოკატები - ჯეიმს კროუფორდი, ფილიპ სანდსი, პოლ რაიხლერი და პაია ახავანი დაიცავენ.
სასამართლოზე ქართულ მხარეს, სავარაუდოდ, კვლევ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე თინათინ ბურჯალიანი წარმოადგენს.
რუსეთი თავის პოზიციებს 13 და15 სექტემბერს, ხოლო საქართველო 14 და 17 სექტემბერს წარმოაჩენს. საქმესთან დაკავშირებული არგუმენტები წერილობითი სახით ორივე მხარემ უკვე წარადგინა სასამართლოში.
შეგახსენებთ, რომ საქართველომ გაეროს საერთაშორისო სასამართლოს 2008 წლის 12 აგვისტოს მიმართა და რუსეთი ყველა ფორმის რასობრივი დისკრიმინაციის საერთაშორისო კონვენციების დარღვევაში დაადანაშაულა.