ბაწარა-ბაბანეურის სახელმწიფო ნაკრძალი და ილტოს აღკვეთილი შესაძლოა, იუნესკოს სიაში შევიდეს. ამის შესახებ იტყობინება კახეთის საინფორმაციო ცენტრი. არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს გარემოსდაცვის ეროვნული ცენტრის თავჯდომარის კარლო ამირგულაშვილის განცხადებით, საქართველოში ევროპელი მკვლევარების ჯგუფის ჩამოსვლას უახლოეს მომავალში ელოდებიან.
ამირგულაშვილის თქმით, ამ ტერიტორიაზე უთხოვარის ჯიშის ხეები ხარობს, რითაც სპეციალისტები დაინტერესდნენ.
„უკვე არსებობს დასკვნა და კვლევების შედეგები, რომელიც ცხადყოფს, რომ ეს ტერიტორიები ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს, იყოს მსოფლიო მემკვიდრეობის უბანი. საქართველოს მთავრობამ იუნესკოს ოფიციალური წერილით უკვე მიმართა", - აღნიშნავს ამირგულაშვილი.
ბაწარა - ბაბანეურის სახელმწიფო ნაკრძალის დირექტორის ვახტანგ გიუნაიძის თქმით, ტერიტორიის მსოფლიო მემკვიდრეობის უბნად გამოცხადების შემთხვევაში, გაუმჯობესდება ინფრასტრუქტურა, გაიზრდება ტურისტების რაოდენობა, განვითარდება რეგიონი.
ბაწარას, ბაბანეურის და ილტოს ხეობა დაცულ ტერიტორიად 1932 წლიდან არის გამოცხადებული. უთხოვარი, რომელიც მსოფლიოს სულ რამდენიმე ნაწილში ხარობს, პანკისის ხეობაში ძალიან გამრავლებულია. უთხოვარის ზოგიერთი ხე რამდენიმე ასეულ წელს ითვლის.