ჩემი ცვლის პერიოდში ვერ შეცვალეს ამ ინსტიტუტის არჩევნების ფორმა და ადგილმდებარეობა, ასეც გადავცემ მე ამ ინსტიტუტს მომავალ პრეზიდენტს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.
როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, თუ მას ჰქონდა უნარი, რომ არ მიეცა არავისთვის შესაძლებლობა, პრეზიდენტის ინსტიტუტი შეერყიათ, ეს გამომდინარეობდა არა მისი პიროვნული ძალიდან, არამედ საზოგადოების მხარდაჭერისგან.
„კიდევ ერთი შეცდომა, რაც ქართველ პოლიტიკოსებს ემართებათ ხოლმე ისაა, რომ არიან პოლიტიკური ელიტების სამსახურში. ეს ყველაფერი იქნება განმაპირობებელი იმისა, თუ ვის შემოვხაზავ 28 ოქტომბერს. ვის შემოვხაზავ, ესეც მნიშვნელოვანწილად განპირობებული იქნება იმით, რანაირად ჩამოაყალიბებენ ისინი თავიანთ პოზიციას სახელმწიფოსა და საზოგადოების მიმართ. მინდა მოგახსენოთ, რომ არსებობს ასეთი ამერიკული ტერმინია On my watch, რაც ნიშნავს, “ჩემი ცვლის პერიოდში”. ჩვენი ცვლის პერიოდში ეს ინსტიტუტი ვერ შეარყიეს, ვერც ფორმალურად, ვერც არაფორმალურად. ჩემი ცვლის პერიოდში ვერ შეცვალეს ამ ინსტიტუტის არჩევნების ფორმა და ადგილმდებარეობა, ასეც გადავცემ მე ამ ინსტიტუტს მომავალ პრეზიდენტს. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ძალა მოდის თქვენგან. თუ მე მქონდა უნარი, რომ არ მიმეცა არავისთვის შესაძლებლობა, პრეზიდენტის ინსტიტუტი შეერყიათ, ყოველ შემთხვევაში ჩემი ცვლის პერიოდში, ეს გამომდინარეობდა არა ჩემი პიროვნული ძალიდან, არამედ საზოგადოების მხარდაჭერისგან. პოლიტიკოსი ყოველთვის გრძნობს ამ ძალას, ამას დავაკვირდები მომავალ საარჩევნო პროცესში, რამდენად მომავალი კანდიდატები იქნებიან თამამი, იქნებიან ორიენტირებულები საზოგადოების გაერთიანებაზე და არა გახლეჩაზე”, – განაცხადა მარგველაშვილმა.
ცნობისთვის, გიორგი მარგველაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს.