საქართველოს ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით მთავრობის დელეგაციასთან ერთად ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანში იმყოფება.
თრუსოდან გაუჩინარებული ქართველი ახალგაზრდა მოლაშქრეების დაკავების შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ქართველ ჟურნალისტების კითხვებს ბაქოში უპასუხა.
„ეს სამწუხარო, დამაფიქრებელი, უფრო მეტიც, შემაშფოთებელი ფაქტია. ჩვენ ვიმუშავეთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად და იმედი გვაქვს, რომ დღეს ჩვენი მოქალაქეები გათავისუფლდებიან. მათი ჯანმრთელობა წესრიგშია და ველოდებით, რომ დღეს მათ გაათავისუფლებენ“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.
თრუსოს ხეობაში დაკარგული მოლაშქრეები ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით რუსმა სამხედროებმა რამდენიმე დღის წინ დააკავეს.
შეგახსენებთ, მოქალაქეები უკვე გაათავისუფლეს.