რამდენიმე დღეში აჭარაში მოცვის კრეფის სეზონი დაიწყება. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მთაში მოცვის კრეფის სეზონი აგვისტოდან სექტემბრის ბოლომდე გრძელდება.
მოცვის კულტურით აჭარაში ადგილობრივი მოსახლეობაა დაკავებული. ამ მხრივ, ყველაზე უხვი მოსავალი ქედის რაიონში ზღვის დონიდან 900-1600 მეტრის სიმაღლეზე მოდის.
სამინისტროში აცხადებენ, რომ ქედის მუნიციპალიტეტის, სოფელ ოქტომბრის მთაში მოცვის შეგროვებაზე დასაქმებულია 130-140 ოჯახი. მოცვის ნაყოფის დამზადებით ოთხი კომპანიაა დაინტერსებული.
ქედის მუნიციპალიტეტში სეზონზე დაახლოებით 80 ტონა მოცვი იკრიფება. ადგილობრივი დამამზადებლები ძირითადად უკრაინისა და თურქეთის ბაზარზე მუშაობენ.
ქედის გარდა შემსყიდველი კომპანიები მოცვის წარმოებას შუახევსა და ხულოშიც ახორციელებენ.
მოცვის კრეფა-გადამუშავებით სოფლის მეურნეობის მინისტრი ემზარ ძირკვაძე და მინისტრის პირველი მოადგილე სოსო თურმანიძე დაინტერესდნენ.