საინტერესო ფრაზები მოვისმინეთ, მათ შორის, შამბამ აღიარა ის, რაზეც ვსაუბრობდით ამდენი წლის განმავლობაში, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ეს არის ძალიან ნიშანდობლივი და საინტერესო.
„კერძოდ, საუბარია ისტორიაზე. თქვენ იცით, როგორია დღეს დამოუკიდებლობის ხარისხი და შესაბამისად, როგორი იყო მისი დამოუკიდებლობის ხარისხი. რასაც ჩვენ ვამტკიცებდით ათწლეულების განმავლობაში, პრაქტიკულად, ის აღიარა შამბამ. ეს არის ძალიან ნიშანდობლივი და საინტერესო“, – განაცხადა კობახიძემ.
მისივე განცხადებით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიდგომა ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით მშვიდობიანია და ამ მიმართულებით, ნაბიჯები იდგმება.
„ჩვენ ვართ ორიენტირებულნი იმაზე, რომ მაქსიმალურად უზრუნველვყოთ ნდობის აღდგენა ქართველებსა და აფხაზებს შორის. თუმცა, არის ხელოვნური ბარიერები და ამ ხელოვნურ ბარიერებს ქმნის რუსეთის ფედერაცია, რაც ართულებს ამ პროცესს. ჩვენ ვიქნებით პრინციპულები ამ პოლიტიკაში დავამტკიცეთ სამშვიდობო ინიციატივა, გადაიდგმება შემდეგი ნაბიჯები და ჩვენი სურვილია, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ მოქალაქეებს შორის ურთიერთობების დაახლოებას“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილმა დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა სერგეი შამბამ განაცხადა, რომ აფხაზეთის ხელისუფლებაში უპასუხისმგებლო ადამიანები იმყოფებიან, რომლებმაც მართვა არ იციან და ვითარება თუ არ გამოსწორდება, მათ მუხლებზე დადგომა და საქართველოს ან რუსეთისთვის მათ შემადგენლობაში მიღების თხოვნა მოუწევთ.