„ნაციონალური მოძრაობა“ პანიკაშია, – ამის შესახებ საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებაზე, „ძალა ერთობაშია“-ს განცხადებასთან დაკავშირებით, საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ აღნიშნა.
მისი თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ იცის, რომ საპრეზიდენტო არჩევნებს აუცილებლად წააგებს და ამიტომ შეგნებულად ცდილობს, წინასწარ გათვლილი მარცხი თითქოს მანიპულაციებს დააბრალოს.
„ნაციონალური მოძრაობა“ არის პანიკაში, მათ უკვე წარმოიდგინეს, რომ „ქართულ ოცნებას“ საერთოდ არ ჰყავს კანდიდატი და ეს შეგნებულად კეთდება. ისინი აუცილებლად წააგებენ რომელიმე დამოუკიდებელ კანდიდატთან და ისღა დარჩენიათ, მარცხი, რომელიც წინასწარ აქვთ გათვლილი, დააბრალონ იმას, თითქოს, ვიღაც მანიპულაციებს აკეთებს საარჩევნოდ კომისიებში“, – განაცხადა მდინარაძემ, რომელმაც აქვე აღნიშნა, რომ ზოგადად, გამორიცხული არაფერია და აუცილებლად დაინტერესდება დეტალებით, რაზეც „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაში იყო საუბარი.
„დეტალებით დავინტერესდები, გამორიცხული არაფერია, ვინმეს ნათესაობაც არ არის გამორიცხული. არ ვიცი დეტალები, თუმცა „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადების ერთადერთი საფუძველი არის ის, რომ ისინი წინასწარ ეგუებიან მარცხს და ეს უნდათ სხვა მოვლენებს გადააბრალონ. დეტალებზე ინფორმაციას მოვიპოვებ აუცილებლად“, – დასძინა მამუკა მდინარაძემ.
ცნობისთვის, გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“-ს წარმომადგენელ ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, ხელისუფლება საპრეზიდენტო არჩევნების ტოტალური გაყალბებისთვის ემზადება.