იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატურასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამართულ კონსულტაციების პროცესს სპექტაკლი უწოდა.
მისი თქმით, თუ პრეზიდენტი ვადის ამოწურვამდე ვერ დაასახელებს ახალ კანდიდატურას, ასეთ შემთხვევაში, ამოქმედდება ძირითადი კანონი და კონსტიტუციით განსაზღვრული წესები.
მისივე თქმით, ის ვერ ხედავს ნეგატივს იმაში, რომ პრეზიდენტმა მისი უფლებამოსილების ამოწურვამდე დაასახელოს კანდიდატურა, თუკი არ გაურბის პასუხისმგებლობას. მისივე განცხადებით, იურიდიულ წრეებში ბევრი ღირსეულია და პოვნა არ გაუჭირდება, მთავარია მოისურვოს“.
წულუკიანის განცხადებით, მმართველი გუნდის პასუხისმგებლობაზე საკითხი დგება მას შემდეგ, როცა პრეზიდენტი პარლამენტს კანდიდატურას წარადგენს.
„ვიდრე პრეზიდენტი თავის პრეროგატივასა და ვალდებულებას არ ახორციელებს, ძნელია, ისაუბრო მმართველი გუნდის პასუხისმგებლობაზე და გეგონოს, რომ არის მმართველი გუნდის ბრალი. შევყურებთ პრეზიდენტს, დაასახელოს მართლმსაჯულების ხელმძღვანელის კანდიდატურა, თუმცა ვფიქრობ, რომ მას კონსულტაციები ჩაუვარდა“, – განაცხადა წულუკიანმა.
წულუკიანის თქმით, როდესაც ნინო გვენეტაძე გადადგა, პრეზიდენტმა ერთი მადლობაც კი არ გადაუხადა მის მიერვე წარდგენილ ადამიანს.
„პრეზიდენტმა გაიარა კონსულტაციები და ნინო გვენეტაძე წარადგინა. როდესაც ნინო გვენეტაძე გადადგა, ერთი მადლობაც კი არ გადაუხადა მის მიერვე წარდგენილ ადამიანს. როგორც ჩანს, ამ ადამიანის მთავარი სამუშაო იარაღი კონსულტაციებია“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.
ცნობისთვის, გიორგი მარგველაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს აღარ წარადგენს.