დღევანდელი ე.წ. მთავრობა ანგელა მერკელის ფონზე გამოიყურებოდა ძალიან სამარცხვინოდ, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ანგელა მერკელის ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, არ შეიძლება საქართველოს ჰყავდეს ასეთი „ხელის ბიჭები“ და მათ ერქვათ მთავრობა.
მისივე თქმით, გერმანიის კანცლერმა მართებულად აღნიშნა, როდესაც თქვა, რომ „ძალიან საინტერესოდ თქვა ევროპის დღევანდელმა ლიდერმა, ჩვენმა ძველმა პოლიტიკურმა პარტნიორმა და საქართველოს მეგობარმა ანგელა მერკელმა, რომ საქართველო მზად არის ხელისუფლების დემოკრატიული ცვლილებისთვის და იმაზე მეტად არის მზად, ვიდრე სომხეთი იყო“.
„სომხეთში დაემხო პრორუსული რეჟიმი და ოლიგარქები მოაშთეს რეჟიმიდან სულ ცოტა ხნის წინ. მერკელის თქმით, საქართველოში ეს ბევრად უფრო შესაძლებელია.
მე ვფიქრობ, რომ ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ ყველა ხვდება - საქართველო უნდა გახდეს ღირსეული პარტნიორი მთელი მსოფლიოსთვის, მაგრამ პირველ რიგში მაგარი ადგილი საკუთარი მოქალაქეებისთვის, რათა ხალხი მასობრივად არ გარბოდეს,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
სააკაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მერკელი შეხვდა ოპოზიციის ლიდერებს, პრეზიდენტობის კანდიდატებს და არ შეხვდა მოღალატე ზურაბიშვილს. მისივე თქმით, ესეც ნათელი გზავნილი იყო მთელი ევროპის.
„მე ვფიქრობ, ყველასთვის ყველაფერი გასაგებია და ჩვენმა ხალხმა უნდა მიიღოს თავისი გადაწყვეტილება წელს ოქტომბერში. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი სწორი მიმართულებით მიდის“, - აღნიშნავს სააკაშვილი.