გერმანია არის საქართველოსთან ერთად, ჩვენ ვგრძნობთ ამ თანადგომას, რაც კიდევ ერთხელ დააფიქსირა ანგელა მერკელის ვიზიტმა და მისმა გზავნილებმა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟუნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მან თსუ-ში ანგელა მერკელის სტუდენტებთან შეხვედრა შეაფასა.
„დღევანდელმა ფორმატმა უნივერსიტეტში მისცა ქალბატონ მერკელს იმ თემების ფართოდ გაშლის საშუალება, რომელზეც მას ჰქონდა საუბარი გუშინაც. იყო საუბარი კიდევ ერთხელ ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებიც არის დაკავშირებული ჩვენს ეროვნულ ინტერესებთან. საუბარი იყო ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობაზე, სწრაფვაზე დასავლეთის მიმართულებით და კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ გერმანია არის ჩვენი მყარი მხარდამჭერი და მთავარია, გავაღრმავოთ ჩვენი თანამშრომლობა, ურთიერთობა გერმანიასთან, ევროკავშირთან იმისათვის, რომ მივაღწიოთ ჩვენს ეროვნულ მიზნებს“, – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობა ახორციელებს რეფორმებს, რომლებიც არის აუცილებელი, რომ საქართველო საბოლოოდ გახდეს როგორც ნატო-ს, ასევე ევროკავშირის წევრი.
„ჩვენთვის მთავარია, ვიყოთ თანმიმდევრული ჩვენს პოლიტიკაში, რეფორმების განხორციელებაში. თანმიმდევრულად მივიწევთ წინ დასავლური ინტეგრაციის მიმართულებით, ვახორციელებთ იმ რეფორმებს, რომლებიც არის აუცილებელი, რომ საქართველო საბოლოოდ გახდეს როგორც ნატო-ს, ასევე ევროკავშირის წევრი და ვთანამშრომლობთ კონკრეტული მიმართულებით, როგორც ნატო-ს კუთხით, ასევე ევროკავშირის. ამ თანამშრომლობაში გერმანიას აქვს განსაკუთრებული როლი. ჩვენ ერთად ვიხილეთ, რომ გერმანელი სამხედროები, ქართველ სამხედროებთან ერთად, მონაწილეობდნენ ძალიან მნიშვნელოვან წვრთნებში. ესეც იყო მხარდაჭერის, თანადგომის მნიშვნელოვანი გამოხატულება. გერმანია არის საქართველოსთან ერთად. ჩვენ ვგრძნობთ ამ თანადგომას და ეს თანადგომა კიდევ ერთხელ დააფიქსირა ქალბატონი მერკელის ვიზიტმა და მისმა გზავნილებმა“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.