27 აგვისტოს, 16:00 საათზე, საინგილოში, სოფელ კახისთავში, ფეხბურთში დავით ყიფიანის სახელობის ტურნირის ფინალური მატჩი გაიმართება. ერთმანეთს კახის რაიონის ქართული სოფლების ფეხბურთელები შეეჯიბრებიან. მატჩს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი პაპუნა დავითაია და პარლამენტის წევრები დაესწრებიან.
„საინგილოში ყოველ წელს, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით ტრადიციული სახალხო ზეიმი იმართება. წელს ფეხბურთში დავით ყიფიანის სახელობის ფინალური მატჩიც გაიმართება. გამარჯვებულ ფეხბურთის გუნდს ფასიან საჩუქრებს გადავცემთ, რომელიც სახელმწიფო მინისტრის აპარატმა შეიძინა", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ლაგოდეხის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა გურამ კაკალაშვილმა.