ფედერალური კანცლერის ანგელა მერკელის ვიზიტის მნიშვნელობა უდავოდ დიდია არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ რეგიონისთვისაც, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ საქართველო–გერმანიის მჭიდრო და პარტნიორული ურთიერთობა გაგრძელდეს.
მისივე განცხადებით, საქართველო-გერმანიას შორის მრავალგანზომილებიანი ურთიერთობაა, რომელიც პოლიტიკის, ეკონომიკის, თავდაცვის, პოლიციის, კულტურის, განათლებისა და სხვა სფეროებს მოიცავს. მისივე თქმით, უნდა აღინიშნოს, რომ გერმანიის მხრიდან იგრძნობა მზარდი დაინტერესება და კეთილგანწყობა საქართველოსადმი, ხოლო ჩვენი ქვეყნის ტრანსფორმაციის პროცესი ცალსახად პოზიტიურად ფასდება.
"ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ გერმანიის მხარდაჭერა ძლიერი პოლიტიკური ბერკეტია. ქართულ-გერმანული ურთიერთობების ერთგვარი ქვაკუთხედია განათლებისა და მეცნიერების, ასევე სამართლებრივ სფეროში მიმდინარე კარგი თანამშრომლობა. ამ მხრივ მართლაც შთამბეჭდავი შედეგები გვაქვს. მინდა გამოვთქვა იმედი და მჯერა, რომ ეს ვიზიტი ჩვენს ქვეყნებს შორის მომავალში ურთიერთობის გაღრმავების მნიშვნელოვანი იმპულსი და დადებითი დინამიკის გამგრძელებელი იქნება,” - განაცხადა ეკა ბესელიამ.