ვიცით, რომ გერმანია არის ძალიან აქტიური მხარდამჭერი საქართველოს ევროპული ინტეგრაციის, ასევე საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის, ეს ვიზიტი კიდევ ერთხელ არის მხარდაჭერის გამოხატულების აქტი და დადასტურება, რომ საქართველო არის რეგიონში მნიშვნელოვანი პარტნიორი გერმანიისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავამ განაცხადა.
მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, გერმანიის მხრიდან საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ მივიღოთ.
მისივე თქმით, გერმანია არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა ევროკავშირის მასშტაბით და მის მიღმაც. მისივე განცხადებით, ევროკავშირის პოზიციების, ევროპული საერთო პოზიციების ფორმირებაში გერმანიას აქვს გადამწყვეტი სიტყვა და ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ მივიღოთ მხარდაჭერა გერმანიის მხრიდან საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი.
როგორც ხულორდავამ აღნიშნა, გერმანიის პოზიცია საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ არის გაცხადებული და ცნობილი ყველასთვის, არამხოლოდ საქართველოსთვის. ამ პოზიციას გერმანია ყველა ტრიბუნიდან ძალიან ხმამაღლა და მკაფიოდ აფიქსირებს.
„ბოლო განცხადება რომ გავიხსენოთ, აგვისტოს ომის ათი წლის თავთან დაკავშირებით, გერმანიის ხელისუფლების მიერ გაკეთდა ძალიან მკაფიო განცხადება, სადაც კიდევ ერთხელ იქნა გამოხატული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და გაკეთდა მოწოდება, რუსეთის ხელისუფლების მისამართით, დაიცვას საერთაშორისოდ აღიარებული ვალდებულებები, რომელსაც ამ დრომდე არღვევს. ასე რომ, გერმანიის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით არის ყველასთვის ცნობილი, დანარჩენი არის უკვე ფორმის საკითხი, ანუ რამდენად ხისტი იქნება ან არ იქნება ანგელა მერკელის განცხადებები“, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.
ცნობისთვის, ანგელა მერკელი საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ხვალ ეწვევა.