საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია უეფა-ს გადაწყვეტილებით, Equal Game-ის ჯილდოს პირველი მფლობელი გახდა.
შეგახსენებთ, გასულ სეზონში, ჰოლანდიის კლუბ „ვიტესში“ თამაშისას, გურამ კაშიამ საჯაროდ მხარი დაუჭირა თანასწორობის იდეას და დაგმო აგრესია. კაშიამ, ისევე როგორც ჰოლანდიის ყველა სხვა კლუბის კაპიტანმა, ცისარტყელის ფერებში შემოსილი სამკლაური გაიკეთა, რითაც ლგბტ ადამიანების მიმართ მხარდაჭერა გამოხატა.
კაშიას ამ ქმედებას ქართული საზოგადოების უმრავლესობაში დადებითი გამოხმაურება მოჰყვა, ხოლო მცირე ნაწილში - გაღიზიანება.
ცნობისთვის, ჯილდო, რომელიც გურამ კაშიამ მიიღო, იმ მოთამაშეს გადაეცემა, რომელიც სამაგალითოდ მოიქცა ევროპულ ფეხბურთში ინკლუზიურობის, მრავალფეროვნებისა და ხელმისაწვდომობის პოპულარიზაციის კუთხით.