გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში შვედეთის ბირთვული მარეგულირებელი ორგანოს მხარდაჭერით სემინარი გაიმართა, რომელიც მაიონებელი გამოსხივების წყაროების მედიცინაში გამოყენების უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებს მიეძღვნა.
"შეხვედრის მიზანია, განვიხილოთ შვედეთსა და საქართველოში მაიონებელი წყაროების მედიცინაში გამოყენება, ლიცენზირების პროცესი, ხარისხის უზრუნველყოფის პროგრამები, სამედიცინო დაწესებულებებში საკომუნიკაციო და შემოწმების საშუალებები. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ შეხვედრის შემდეგ ქართული მხარე წარმოგვიდგენს წინადადებებს, რა სურთ გააუმჯობესონ საკუთარ ქვეყანაში და რა დახმარება სჭირდებათ, იქნება ეს მარეგულირებელი დოკუმენტების მომზადება, გადამზადება, ცოდნის გაზიარება თუ განათლება. ჩვენ ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში არსებული თანამშრომლობის გამოცდილებაზე დაყრდნობით ვახორციელებთ რამდენიმე მსაგავსი ტიპის პროექტს. ჩემი აზრით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ქართველებისთვის. ადგილობრივი მოსახლეობა არის ღრმად დაინტერესებული აღნიშნული საკითხებით და მათ სჭირდებათ მხარდაჭერა," განაცხადა შვედეთის რადიაციული უსაფრთხოების ორგანოს პროექტის ხელმძღვანელმა ქალბატონმა ოლგა გერმანმა.
სემინარში შვედეთის ბირთვული მარეგულირებელი ორგანოს წარმომადგენლებთან ერთად ჯანდაცვის სამინისტროს, თბილისის სხვადასხვა საავადმყოფოების, ქუთაისის და ბათუმის ონოკლოგიური ცენტრების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. შეხვედრის მიზანი იყო შვედური გამოცდილების გაზიარება და მომავალი თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით საქართველოში არსებული სიტუაციის ანალიზი.
„ჩვენ შვედეთის ბირთულ მარეგულირებელ ორგანოსთან თანამშრომლობის დიდი გამოცდილება ქვს. ჩვენ ვთანამშრომლობთ ძალიან ბევრი მიმართულებით: რადიაქტიული ნარჩენები, მათ საცავთან მოპყრობა, ფიზიკური დაცვის პრობლემები. ამჟამად შეხვედრა შეეხება სამედიცინო სფეროში მაიონებელი გამოსხივების გამოყენების წყაროების უსაფრთხოების პრობლემებს, კერძოდ კი - ხარისხის უზრუნველყოფის შვედური პროგრამების დანერგვას. შეხვედრაზე გადაწყდება, კონკრეტულად რა სახის თანამშრომლობა შეიძლება ჩამოყალიბდეს ჩვენს შორის. ეს იქნება საქართველოში პირველი პროექტი სამედიცინო სფეროში მაიონებელი წყაროების გამოყენების შესახებ," განაცხადა გარემოს დაცვის სამინისტროს ბირთული და რადიაციული სამსახურის წარმომადგენელმა გიორგი ნაბახტიანმა.
ქართულ-შვედური თანამშრომლობის ფარგლებში სემინარი მოწინავე ევროპული გამოცდილების საქართველოში დანერგვას და მაიონებელი წყაროების მედიცინაში გამოყენების ხარისხის უზრუნველყოფის პროგრამების დაფუძნებას ითავლისწინება.
ამ მიზნით, მიმდინარე წლის ნოემბერში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და ჯანდაცვის სამინისტროების ხელმძღვანელების შვეციაში ვიზიტი იგეგმება, მომავალი წლიდან კი პრაქტიკული ღონისძიებები განხორციელდება.