18 აგვისტოს, ქობულეთის ზღვისპირა პარკში ცნობილი მუსიკოსი და კომპოზიტორი დათო ევგენიძე კონცერტს გამართავს. კონცერტზე მუსიკოსი ბენდთან ერთად წარსდგება და სტუმრებს შერეულ საკონცერტო პროგრამას შესთავაზებს, სადაც კლასიკური ნაწარმოებები, ელექტრონული მუსიკა, ეთნო-მოტივები, ქართული ფოლკლორი და ჯაზი იქნება წარმოდგენილი. კონცერტში მონაწილეობას ასევე, მიიღებენ გიორგი მახარაშვილი, ნუკა კვალიაშვილი და DJ ZAPA. კონცერტი 20:00 საათზე დაიწყება და მასზე დასწრება ნებისმიერ მსურველს უფასოდ შეეძლება.
მუსიკოსი რეგიონს პროექტ „Check in Georgia“-ს ფარგლებში გამართული ტურნეთი ესტუმრება. მან კონცერტები უკვე გამართა განმუხურში, ბორჯომში, ახალციხესა და ამბროლაურში. მუსიკოსის გასტროლები საქართველოში 15 სექტემბერს თელავში დასრულდება.
სახელმწიფოს მხარდაჭერით პროექტი Check in Georgia უკვე მესამედ ტარდება. პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი მუსიკალური და სხვა სახის შემეცნებით-გასართობი აქტივობები მთელი საქართველოს მასშტაბით ტარდება.