ლისის ტბის ტყის ფონდის ტერიტორიას საცხოვრებელი ტერიტორიის სტატუსი მიენიჭება. ამის შესახებ დღეს საკრებულოს სამი კომისიის სხდომაზე ქალაქის არქიტექტურული სამსახურის უფროსმა არისი ბოჭოიძემ განაცხადა.
მისი განმარტებით, ლისის ტბის ტყის ფონდის მიმდებარე ტერიტორიაზე თექვსმეტი კორპუსია აშენებული, რის გამოც მას საცხოვრებელი ტერიტორიის სტატუსი მიენიჭება.
ამასთან, ბოჭოიძემ დღეს საკრებულოს წევრებს განუმარტა, რომ ბაგები-წყნეთი-ახალდაბის ტერიტორიაზე, სადაც ტყის უმეტესობა უკვე გაჩეხილია და იქ მშენებლობებია დაწყებული და დასრულებულიც, ტყის ფონდიდან წყნეთის ტყეების გასხვისება 1998 წლამდე მოხდა, ხოლო 2005 წლის შემდეგ მშენებლობის არანაირი ნებართვა გაცემული არ არის.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საკრებულო ქალაქის ტყეების 99%-თვის ლანდშაფტურ-რეკრეაციული ზონის სტატუსის მინიჭებას გეგმავს, რომელსაც საკრებულოს სამმა კომისიამ - იურიდიულმა, ურბანული დაგეგმარებისა და ძველი თბილისის რეაბილიტაციის, ასევე გარემოს დაცვის კომისიებმა მხარი დაუჭირეს.