დედაქალაქის მერიის ზედამხედველობის სამსახურში ქალაქის ტყეების დაცვისთვის სპეციალური სამსახური შეიქმნება.
საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის მამუკა ახვლედიანის განცხადებით, სპეციალური სამსახური რეინჯერებისა და ტყის მცველებისგან დაკომპლექტდება.
"დედაქალაქის ტყეებს მუნიციპალიტეტი უკეთ დაიცავს, ვიდრე ეს აქამდე ხდებოდა. პრაქტიკამაც ასე აჩვენა", - განაცხადა ახვლედიანმა და აქვე დასძინა, რომ ახალი გეგმის დამტკიცების შემდეგ, ტყის ფონდის ტერიტორიაზე უკვე აშენებული შენობები მათ მესაკუთრეებს დაუკანონდებათ და მეპატრონეებს აღარ ექნებათ იმის შიში, რომ მათ საკუთრებას ვინმე დაუნგრევს.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საკრებულო ქალაქის ტყეების 99%-თვის ლანდშაფტურ-რეკრეაციული ზონის სტატუსის მინიჭებას გეგმავს, რომელსაც საკრებულოს სამმა კომისიამ - იურიდიულმა, ურბანული დაგეგმარებისა და ძველი თბილისის რეაბილიტაციის, ასევე გარემოს დაცვის კომისიებმა მხარი დაუჭირეს.