იქიდან გამომდინარე, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილი ტერორისტად გამოაცხადეს, მე და ქალბატონი ელისო კილაძე კი მაჩალიაკშვილის თანმხლები პირები ვიყავით, ჩვენც დაგვადანაშაულებდნენ ტერორისტის მხარდაჭერაში, ან ტერორისტის საზღვარზე გადაყვანის დახმარებაში, ან ტერორისტის თანამოაზრეობაში. მოკლედ, რაღაც ბრალს წაგვიყენებდნენ და ახლა გერმანიის ციხეში გამომწყვდეულები ვიქნებოდით, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ „ჯი-ეიჩ-ენს“ განუცხადა.
როგორც ის განამრტავს, ხელისუფლებამ მსგავსი ხერხით გადაწყვიტა მათი ჩამოშორება.
„ვეღარავის დავაჯერებდით ტერორისტის მხარდამჭერები, რომ არ ვიყავით და მსოფლიოს ვერცერთ კუთხეში ვეღარ გავიტანდით ჩვენს სიმართლეს. ამ უმეცარი ნაბიჯით გადაწყვიტა ხელისუფლებამ ჩვენი ტექნიკურად მოშორება.
უფლის ნებით, ჩვენი შეხვედრის ორგანიზატორი და შუამავალი ვინც იყო - პაატა აბჟანდაძე, ერთი დღით ადრე ჩაფრინდა მიუხენში, საიდანაც სტრასბურგში ერთად უნდა გავფრენილიყავით. პაატა იქ შეაჩერეს და პირდაპირ უთხრეს, სამ პიროვნებას, რომელსაც თქვენ აცილებთ, ერთ-ერთი ტერორისტია. ამ საქმეს გერმანიის ფედერალური პოლიციაც იძიებს და FBI-იც. პაატა ამერიკის მოქალაქეა“, - აცხადებს სარალიძე.
მისი განმარტებით, გერმანელ სამართალდამცავებს მსგავსი სახის ინფორმაცია ქართულმა სახელმწიფომ მიაწოდა.
„მათ ჩვენმა სახელმწიფომ მიაწოდა მსგავსი ინფორმაცია. ჩვენ წინასწარ შევიტანეთ წერილები სუს-სა და შსს-ში, მოვითხოვეთ პასუხები რაიმე შემაკავებელი გარემოება ხომ არ არსებობდა ჩვენს მიერ საზღვრის დატოვების. სუს-მა წერილი მოგვწერა, ჩვენგან თავისუფლები ხართო და შსს-ში გადაგვამისამართა, საიდანაც პასუხი არ მიგვიღია. თავისი პასუხისმგებლობა მოიშორეს, უნდოდათ, შსს-თვის შეეტენათ ყველაფერი, მაგრამ ფაქტია, რომ ამ საქმეში მთელი სახელმწიფოა ჩარეული“, - განმარტავს სარალიძე.
ის სტრასბურგში გამგზავრებამდე პრემიერ მინისტრ გიორგი ბახტაძესთან შეხვედრას ითხოვდა, თუმცა, როგორც სარალიძე აღნიშნავს, ბახტაძემ იცოდა თუ რა კითხვებს დაუსვამდა მას, რის გამოც არ შეხვდა.
„პრემიერ მინისტრთან, მამუკა ბახტაძესთან შეხვედრა 5 რიცხვამდე მოვითხოვე, მაგრამ არ შემხვდა, რადგან ამ კითხვას, რაც შსს-ს მივწერე, მასაც დავუსვამდი. წინასწარ ცოდნიათ, რასაც ამზადებდნენ და როგორ შემხვდებოდა. ეს მთელმა სახელმწიფომ იცოდა, სახელმწიფომ გადაწყვიტა ჩემი მოშორება მალხაზ მაჩალიკაშვლთან ერთად“, - დასძენს სარალიძე.
მან და ჟურნალისტმა ელისო კილაძემ გერმანიის საელჩოს დღეს მიმართეს. მათ საელჩოს დოკუმენტაცია წარუდგინეს, თუ რატომ გეგმავდნენ მალხაზ მაჩალიკაშვილთან ერთად სტრასბურგში ვიზიტს. ამასთან, საელჩოს წარმომადგენლებს მათ იმ მიმოწერის ასლებიც გადასცეს, რაც სტრასბურგში გამგზავრებასთან დაკავშირებით, სუს-თან და შსს-თან შედგა.
ცნობისთვის, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა და სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი 5 აგვისტოს სტრასბურგში უნდა გამგზავრებულიყვნენ.