ეკლესიის მხარე არის მორალური, სასამართლომ კი უკვე მიიღო გადაწყვეტილება, - განაცხადა ხობისა და ფოთის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა.
როგორც ის განმარტავს, დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით კომისიის შექმნა არის პროცედურული საკითხი, მას კომისიის შემადგენლობაზე საუბარიც უჭირს.
,,ჩვენი მთავარი მიზანი ის კი არ არის, რომ ადამიანებმა განცხადებები აკეთონ, ჩვენი მთავარი მიზანია შევთანხმდეთ ძირითად პრინციპებზე, რომელიც ეკლესიას გააძლიერებს, ხალხს რწმენაში გაამტკიცებს და სიკეთეში გააერთიანებს. რაც შეეხება კომისიის შემადგენლობას, ამაზე საუბარი ძნელია... ეკლესიის მხარე არის მორალური, სასამართლომ კი უკვე მიიღო გადაწყვეტილება. ვიღაც ამას იზიარებს, ვიღაც - არა, მაგრამ რადგან საზოგადოებაში არის გარკვეული ორჭოფობა, ე.ი რაღაც საკითხებზე პასუხები არ არის ბოლომდე გაცემული"- აღნიშნა მეუფემ.
მისივე თქმით, მეუფე იაკობის განცხადებების შეფასებაზე მნიშვნელოვანი დღევანდელი დღეა.
„ჩვენს თავში უნდა დავუპირისპირდეთ იმ არჩევანს, რომელსაც ხანდახან ბოროტი მის სასარგებლოდ გვაკეთებინებს, ნაცვლად სიყვარულისა, ნაყოფის გაყოფის მიმართულებით მიყავს ვიდრე გაერთიანებისა"-აღნიშნა მან.
ცნობისთვის, 2 აგვისტოს, მეუფე იაკობმა განაცხადა, რომ საქართველოს პატრიარქის ილია მეორის აზრით დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავეა.
მღვდელმთავრები მიიჩნევენ, რომ საფუძვლიანად უნდა გადაიხედოს მსჯავრდებული სასულიერო პირის საქმე; ასევე დეკანოზ გიორგი მამალაძეს, საეკლესიო წესების თანახმად, უნდა მიეცეს საშუალება, როგორც სასულიერო პირმა, წმიდა სინოდს პირადად მოახსენოს ყოველივე ის, რის საჯაროდ განცხადებასაც პრინციპულად დაუშვებლად მიიჩნევს, მიუხედავად დიდი საზოგადოებრივი ინტერესისა.
შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 5 სექტემბერს, მოსამართლე ბესიკ ბუგიანაშვილმა დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. განაჩენი ორივე მხარემ გაასაჩივრა. პროკურატურა განაჩენის დამძიმებას, დაცვა კი გამამართლებელ განაჩენს ითხოვდა.
სააპელაციო სასამართლომ არცერთი მხარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და ძალაში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დატოვა.
რამდენიმე დღის წინ კი, აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო.