შეკითხვები შეეხება საქმეს, ანუ იმას, რა მოხდა და რა არა გამოძიების პროცესში და როგორ შევიდა ეს საქმე იმ ჩიხში, რომელშიც დღეს იმყოფება, - განაცხადა ჟურნალისტებთან ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, სერგი კაპანაძემ.
როგორც ის განმარტავს, კომისიის წევრებს შს მინისტრთან, ყოფილ მთავარ პროკურორთან და იუსტიციის მინისტრთან მწვავე კითხვები ექნებათ.
„სამწუხაროდ, მთელი ამ კომისიის მუშაობის მანძილზე, კიდევ უფრო მეტი კითხვა გაგვიჩნდა, ეს დაგროვილი კითხვებიც გვექნება მინისტრებთან და ყოფილ მთავარ პროკურორთან. ეს კითხვები ეხება პასუხისმგებლობის საკითხს, როგორც პროკურატურაში და შინაგან საქმეთა სამინისტროში მყოფ მაღალჩინოსნებს, ასევე კონკრეტულ პიროვნებებს.
ნამდვილად არიან ადამიანები, რომლებმაც პასუხი უნდა აგონ იმაზე, რაც მოხდა და რაც ხდება ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით. ეს იყო კონკრეტული ორი უწყების პასუხისმგებლობა და შეუძლებელია, ისე ჩაიაროს ამ ამბებმა, რომ არავინ არ აგოს პასუხი. მინისტრებთან მათ პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზეც გვექნება საუბარი.
მოლოდინი გვაქვს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო და პროკურატურა კეთილს ინებებს და ამ საქმეს ბოლომდე მიიყვანს. იმედია, ჩვენი რეკომენდაციები, რომელიც მთავარ პროკურატურას და შინაგან საქმე\თა სამინისტროს ეხება, შესრულებული იქნება“, - აცხადებს კაპანაძე.
ამ წუთებში კომისიის წევრები პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას და ყოფილ მთავარ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს უსვამენ.