ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ანა ნაციშვილის სიკვდილი განაპირობა 14-მა ნაკვეთ-ნაჩხვლეტმა ჭრილობამ, რომელიც გარდაცვლილს აღენიშნებოდა კისრის მიდამოში, - ამის შესახებ თემქაზე 20 წლის გოგონას მკვლელობის საქმის პროკურორმა, გრიგოლ ბიბილაშვილმა განაცხადა.
როგორც ის განმარტავს, გოგონას სიკვდილის მიზეზი სისხლნაკლებობა გახდა, რაც კისრის არეში მიყენებულმა ჭრილობებმა განაპირობა. ამასთანავე, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გოგონას სიცოცხლისთვის საშიში 7 ჭრილობა აღენიშნებოდა თავის არეშიც.
"ყელის არეში დაზიანებებმა გამოიწვია მწვავე სისხლნაკლებობა. სწორედ ეს 14 დაზიანება არის უშუალო მიზეზობრივ კავშირში დამდგარ შედეგთან - ანა ნაცვლიშვილის სიკვდილთან. გარდა ამისა, მოკლულს თავის არეში მძიმე ხარისხის 7 დაზიანება აღენიშნებოდა, რომელიც ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებითაა მიყენებული და სიკვდილთან მიზეზობრივ კავშირში არაა.
სიკვდილი გამოიწვია იმ 14-მა ჭრილობამ, რომელიც მკვრივი მჭრელი საგნითაა მიყენებული. ჩვენი ვერსიით და მტკიცებით, ეს ის დანა გახლავთ, რომელიც გამოძიებამ ბრალდებულის ავტომანქანიდან ამოიღო და რომელზეც გარდაცვლილის სისხლი აღენიშნებოდა.
გარდა ამისა, გამოკითხა ის სასმართლო ექსპერტი, რომელმაც შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მიიღო მონაწილეობა, უფრო ზუსტად კი, დაათვალიერა გარდაცვლილის ცხედარი და აღწერა ის დაზიანებები, რაც ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოაჩინა", - განაცხადა გრიგოლ ბიბილაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის საქმეზე მისი შეყვარებული, ლადო გრიგალაშვილი დააკავეს, ის ჩადენილ დანაშაულს არ აღიარებს და დუმილის უფლებით სარგებლობს.