საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება დამატებითი რეგულაციების შემოღების შესაძლებლობას არ გამორიცხავს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა მარიხუანას მოხმარების ლეგალიზაციასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, მარიხუანის შეძენა, შენახვა, კულტივაცია და ა.შ. ჯერ კიდევ დასჯად ქმედებად რჩება.
„საკონსტიტუციო სასამართლომ ეს საკითხი არაკონსტიტუციურად ცნო და ამას ვერსად გავექცევით, თუმცა გადაწყვეტილება ისე წარმოჩინდა, თითქოს, მარიხუანაზე ყველანაირი რეგულაცია არაკონსტიტუციურად არის ცნობილი. მარიხუანის შეძენა, შენახვა, კულტივაცია და ა.შ. ჯერ კიდევ დასჯად ქმედებად რჩება. ეს გადაწყვეტილება დამატებითი რეგულაციების შემოღების შესაძლებლობას არ გამორიცხავს. საკონსტიტუციო სასამართლოს არ აუკრძალავს, რომ მარიხუანას მოხმარების საკმაოდ მკაცრი რეგლამენტაცია გავაკეთოთ. ასეთი რეგულაციები აუცილებელია, რადგან ეს არ არის სივრცე, რომელიც რეგულაციის გარეშე უნდა დარჩეს. თამბაქოს მოხმარებაზეც კი რეგულაციები გვაქვს“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.
მისივე თქმით, მარიხუანას მოხმარებაზე შეზღუდვები უნდა დაწესდეს სამართალდამცავ და სამედიცინო ორგანოებთან მიმართებაში, ასევე ბავშვებსა და არასრულწლოვნებთან შემხებლობის თვალსაზრისით.
მისი განცხადებით, "პარლამენტს მუშაობა უკვე დაწყებული აქვს, რადგან ეს სივრცე დღეს ღიაა და საჭიროა ადეკვატური და სწორი რეგულაცები, ნორმალური ევროპული სახელმწიფოს გამოცდილება". მისივე განცხადებით, ეს თემა ღიად დიდი ხანი ვერ დარჩება.