თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის საქმის პროკურორის, გრიგოლ ბიბილაშვილის განცხადებით, ექსპერტიზის დასკვნით უტყუარად დასტურდება, რომ ბრალდებულ ლადო გრიგალაშვილის პირადი და სახლის ჩხრეკისას ამოღებულ ტანსაცმელზე მოკლული გოგონას სისხლი იყო.
"ბიოლოგი ექსპერტი დაიკითხა, რომელმაც ბიოლოგიურ-სეროლოგიური კვლევები ჩაატარა.მის მიერ გამოკვლეულ იქნა ბრალდებულის, ასევე დაზარალებულის ტანსაცმელი. ექსპერტიზის დასკვნით და დღევანდელი ჩვენებით უტყუარად იქნა დადგენილი, რომ ბრალდებულის ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე, რომელიც საცხოვრებელი სახლის და პირადი ჩხრეკისას იქნა ამოღებული, გარდაცვლილი ანა ნაცვლიშვილის სისხლის კვალი აღმოჩნდა.
გარდა ამისა, ბიილოგიურ-გენეტიკური კვლევებით დადგენილი იქნა, რომ ავტომანქანაში, რომელსაც ბრალდებული გრიგალაშვილი მართავდა, აღმოჩენილი იქნა სისხლის ლაქები, რომელიც ანა ნაცვლიშვილს ეკუთვნოდა.
ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით უტყუარადაა დადგენილი ის გარემოება, რომ ავტომანქანიდან ამოღებულ დანაშაულის ჩადენის დანაზე ანა ნაცვლიშვილის სისხლია აღმოჩენილი.
დანის ტარზე და ქარქაშზე ბიოლოგიური მასალა აღმოჩნდა", - აცხადებს ბიბილაშვილი.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის საქმეზე მისი შეყვარებული, ლადო გრიგალაშვილი დააკავეს, ის ჩადენილ დანაშაულს არ აღიარებს და დუმილის უფლებით სარგებლობს.