იაშვილის კლინიკის ანესთეზია - რეანიმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, გია ბიბილაშვილის განმარტებით, მთათუშეთში კლდიდან გადავარდნილი 11 წლის მოზარდის მდგომარეობა მძიმეა და მიმდინარეობს მისი სიცოცხლის გადარჩენისთვის ბრძოლა.
"ამ ეტაპზე მიმდინარეობს ბრძოლა როგორც მისი ტვინის დარჩენილი უჯრედების შესანარჩუნებლად, ასევე მთლიანად მისი სიცოცხლის გადასარჩენად. თავის ტრავმების მკურნალობა მოხდება მისი კლინიკური და ინსტრუმენტული კვლევის შედეგების კორელაციის მოხედვით. ამ ეტაპზე პაციენტს უკეთდება ყველაფერი, რაც მულტიპროფილურმა გუნდმა ჩათვალა საჭიროდ,"- განაცხადა გია ბიბილაშვილმა.
ექიმის განმარტებით, მოზარდს თავის ტვინისა და სახის ძვლების დაზიანებები აქვს და ის ხელოვნურ სუნთქვაზეა გადაყვანილი.
"კატასტროფის ბრიგადის მიერ პაციენტი ჩვენთან შემოყვანილია მრავლობითი დაზიანებებითა და მძიმე ნევროლოგიური სტატუსით. მას ჩაუტარდა გარკვეული კვლევები და შესაბამისი დარგის სპეციალისტების კონსულტაციები. აღმოჩნდა, რომ პაციენტს აღენიშნება მრავლობითი ტრავმული დაზიანება, მათ შორის სისხლჩაქცევა თავის ტვინში, თავის ტვინის შეშუპება, სახის ძვლების დაზიანება, თუმცა რაიმე სახის ქირურგიული ჩარევა ამ მომენტისთვის არ განიხილება. პაციენტი კვლავ რჩება ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე. გრძელდება მისთვის გეგმური საძილე და ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატების მიცემა,"- განაცხადა ბიბილაშვილმა.
ცნობისთვის, სოფელ გოგლურთაში, 11 წლის ბავშვი 30 მეტრის სიმაღლის კლდიდან გუშინ გადავარდა. პოლიციელებმა არასრულწლოვნის ხევიდან ამოყვანა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით შეძლეს.