ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე დანაშაულის დაფარვაში ბრალდებულთა სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმეები, გამომძიებლები დაიკითხნენ. როგორც საქმის პროკურორმა, გიორგი ქობულაძემ განაცხადა, მოწმეებმა მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ ისაუბრეს.
"მოწმეებმა ისაუბრეს იმ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებზე, რომელშიც მონაწილეობა აქვთ მიღებული და შესაბამისად დაადასტურეს მათი ნამდვილობა. მათ სასამართლოს სხვადასხვა ინფორმაცია მიაწოდეს საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით", - აცხადებს პროკურორი.
რაც შეეხება იმ ფაქტს, მიხეილ კალანდიას პასუხისგებაში მიცემაზე თუ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, პროკურორი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე თუ რა მტკიცებულებები აქვს შსს-ს მოპოვებული, მან არ იცის.
"სახელმწიფო ბრალდება მ.კ.-ს მიმართ მხარს უჭერს დანაშაულის დაფარვის ბრალდების საქმეს. გამოძიება უშუალოდ ამ საქმეზე დამთავრებულია და საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს. თუმცა შსს-ში მიმდინარეობს გამოძიება მკვლელობის საქმიდან გამოყოფილ საქმეზე. შესაბამისად რა მტკიცებულებები იქნება იმ საქმეზე მოპოვებული, ან ამ ეტაპზე რა მტკიცებულებებია მოპოვებული, ამ ეტაპზე ჩემთვის უცნობია, რადგან ამ დეპარტამენტს, ვინც საქმეს იძიებს, მე არ ვზედამხედველობ. თუმცა გამოძიება მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რაც იქნება საქმეზე შეკრებილი.
ნებისმიერი პირის წინააღმდეგ შეიძლება დაიწყოს დევნა, თუ იქნება შესაბამისი საფუძველი, თუმცა იმ საქმეზე მე არანაირი ინფორმაცია არ გამაჩნია, ვინაიდან არ მაქვს სტრუქტურული შეხება საგამოძიებო დანაყოფთან", - აცხადებს ქობულაძე.