ყვარლის რაიონის სოფელ მთისძირის გამგებელი მალხაზ კალაიჯიშვილი დაზარალებულ თანასოფლელებს სასამართლოსთვის მიმართვის შემთხვევაში `შუბლის გახვრეტით~ ემუქრება. ამისშესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" კახეთის საინფრომაციო ცენტრიდან აცნობეს.
სოფელ მთისძირის მაცხოვრებლები, რომელთაც ხელისუფლების წარმომადგენლებმა, 2007 წლის ზაფხულში, მონტგომერის დაავადების გავრცელების თავიდან ასაცილებლად ღორები გაუნადგურეს, კომპენსაციის მოთხოვნით, სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებენ. დაზარალებულ მოსახლეობას იურიდიულ დახმარებას `ადამიანის უფლებათა ცენტრის~ კახეთის ოფისი უწევს.
მთისძირის გამგებელმა მუქარის ფაქტი კახეთის საინფორმაციო ცენტრთან საუბარშიც დაადასტურა. `მე მათი ღორები არ დამიხოცავს. ვინც გაბედავს და სასამართლოში მიჩივლებს, შუბლს გავუხვრეტ~, - განაცხადა მალხაზ კალაიჯიშვილმა.
დაზარალებული მოქალაქეებისთვის კანონით გათვალისწინებული ფულადი კომპენსაციის გადახდის რეკომენდაციით, საქართველოს მთავრობას, 2008 წელს, სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმაც მიმართა, მაგრამ მთავრობამ ომბუდსმენის რეკომენდაცია არ გაითვალისწინა.