ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობ ქეთი ქიტიაშვილსა და ერთ-ერთი სასტუმროს მენეჯერს, დავით სუმბულაძეს შორის დავამ, შესაძლოა სასამართლოში გადაინაცვლოს. როგორც მსახიობი განმარტავს, ის დასასვენებლად შეკვეთილში იმყოფებოდა, სადაც მან სასტუმროს მიერ უსაფრთხოების ზომების დაუცველობის გამო, ტრავმა მიიღო.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ქიტიაშვილმა სოციალურ ქსელში წერილი გამოაქვეყნა. როგორც ის „ჯი-ეიჩ-ენთან“ განმარტავს, ასე სხვების გასაფრთხილებლად მოიქცა. თუმცა, მისივე განცხადებით, აღნიშნულ წერილს სასტუმროს თანამშრომლებისგან აგრესიული და შეურაცხმყოფელი კომენტარები მოჰყვა, რასაც თავის მხრივ, სასტუმროს მენეჯერი, დავით სუმბულაძე უარყოფს.
„მინდა მოგიყვეთ ამბავი, როგორ წავედი დასასვენებლად და ფიზიკურად და მორალურად როგორი დაშავებული დავრუნდი შინ. შეკვეთილში მდებარე სასტუმრო "ბრიზი" / Hotel "Breeze", ამ სასტუმროს აქვს ვერანდაზე გასასვლელი მინის კარები, რომელიც ისე ირეკლავს მზის სხივებს და სინათლეს, რომ წამით კარგავ ორიენტაციას და გგონია,რომ გარეთ ხარ (რასაც ადასტურებს ბევრი ადამიანი)და დიდი ალბათობით ზრდის დაზიანების საშიშროებას,სასტუმროში ცხოვრების მეორე დღესვე დავშავდი, და ვთხოვე მენეჯერს,გაეკეთებინა ნიშნული მინის კარზე, მოკლედ რამოდენიმე დღე დაჟინებით მოვითხოვდი ,მაგრამ არაფრთ არ აკრავდა. ერთ დღესაც, გარეთ გასვლისას ამ კარის მძიმე მინა დამეცა თავზე, დიდი ნაწილი მომხვდა მარჯვენა ფეხზე და მუხლს ქვემოთ მივიღე მძიმე, ღრამა ჭრილობა ,სისხლი შადრევანივით ასხავდა, რათქმაუნდა ამ ავადსახსენებელ სასტუმროს არ ყავდა არათუ ექიმი,არც ექთანი , ჭრილობის სიმძიმიდან გამომდინარე, სისხლის შეჩერება ვერ მოხერხდა ადგილზე, ამიტომ ჩემი საავადმყოფოში გადაყვანა, გახდა აუცილებელი . ამ სავალალო სიტუაციაში მენეჯერი ქალბატონი ინგა,რომელიც პროფესიით იურისტია, შუშის ნამსხვრევებს ხვეტდა და აღშფოთებული იყო -"რა ხიფათიანი ხარ", საავადმყოფოში ტრანსპორტირებაზე, საერთოდ ლაპარაკიც ზედმეტი იყო. მალევე ჩემმა მეგობარმა თავისი სახსრებით ბათუმში ნაცნობ ქირურგთან წამიყვანა და იქ აღმომიჩინეს პროფესიონალური დახმარება.სასტუმროს მესვეურები კი ახალ შემოსულ სტუმრებს არხეინად ღებულობდნენ,რომელთა სიცოცხლის უსაფრთხოება,დაცული არ არის. მაგრამ ყველაზე მთავარი მაშინ დაიწყო, როდესაც მე დავაპირე თბილისში დაბრუნაბა,როდესაც ნოერში, შეშინებული, დათრგუნული, დაშავებული და დაუცველი ვიწექი, მენჯერის მეუღლე დათომ ბოდიშის მოხდით გამომიცხადა, რომ მინის ფული უნდა გადამეხადა ,რომ სატუმროს მეპატრონეები,''აწვებიან''და არანაირი მიზეზი არ აინტერესებთ. სასტუმროს მეპატრონეების სახელები და გვარები კი გასაიდუმლოებულია. ჯერ კიდევ დასუსტებული, და დაბნეული გახლდით, ამით ისარგებლეს და საცხოვრებლის ფულთან ერთად , ყოველგვარი სინანულის გარეშე მინის ფულიც "გამომგლიჯეს", წამოსვლისას კი საერთოდ დაიმალნენ.აი ეს გახლავთ ქართული ''ბიზნესი''! მივმართავ ყველა ჩემს ფეისბუქ მეგობარს გააზიაროს ეს პოსტი,საქართველოში მომსახურეობის სფეროში მუშაობენ არაპროფესიონალი,უგულო, ფულის გამომძალველი ადამიანები, რომელთათვის ადამიანის უსაფრთხოება ბოლო ადგილზეა!
ეს არის გაფრთხილება! სასტუმრო "ბრიზი" / Hotel "Breeze" თქვენთვის და ყველა იმ ადამინისთვის ვინც დააპირებს აღნისნულ სასტუმროში დაბინავებას“, - დაწერა ქეთი ქიტიაშვილმა სოციალურ ქსელში.
ის იურისტებთან კონსულტაციის შემდეგ, სასამართლოს იმ მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით მიმართავს, რომელიც მისივე განცხადებით, სასტუმროს თანამშრომლების შეურაცხყოფის შედეგად მიადგა.
„დავა სასამართლომდე იმის გამო მიდის, რომ ამასთან დაკავშირებით, სინანული არავინ გამოთქვა. ჩემი პოსტის დადების შემდეგ, ბოდიშის ნაცვლად, ცილისწამების საშინელი კორიანტელი წამოვიდა, რომ თითქოს, მე ვარ ალკოჰოლდამოკიდებული. ხმის ჩანაწერი გვაქვს, თუ როგორ საუბრობს სასტუმროს თანამშრომელი, რომ მე სულ მთვრალი ვიყავი და აბა, რა დამემართებოდა.
სასადილოში არსებულ მაგიდაზე, ოთხ ადამიანს მხოლოდ ორი პატარა ბოთლი სასმელი გვედგა. იქიდან საერთოდ არ დამილევია, რადგან ალკოჰოლს არ ვიღებ.
ვაპირებ, ეს ყველაფერი სამართლებრივ ჩარჩოებში მოვაქციო. მინდა მორალური ზიანისთვის პასუხი აგონ. საზოგადოებას ჩემზე ცრუ წარმოდგენა შეუქმნეს.
ფეხის მდგომარეობა უკეთესობისკენ მიდის, მაგრამ ამდენი ბრალდებით მორალურად ვარ განადგურებული. ფიზიკურადაც ცუდად ვარ, სისხლის დიდი დანაკარგის გამო ჰემოგლობინი დამივარდა.
სისხლი შარდენივით, რომ ჩქეფდა და მთელი პერსონალი თავზე მედგა, დათო ფეხს მიხვევდა, ჩემი მეგობარი საშინელ ისტერიკაში ჩავარდა, რა დროს შუშის ნამსხვრევების მოგროვებაა, სისხლი გაუჩერეთ და იმ ფულს მე გადავიხდიო, თქვა. ამას ჩაავლეს ხელი, საღამოს მენეჯერი ამოვიდა და მემათხოვრა ამ ფულზე. თურმე, ინიციატივა ჩემგან მოდის, რომ ფული მე უნდა მიმეცა“, - აცხადებს მსახიობი.
მისივე განმარტებით, სასტუმროში უსაფრთხოების ზომები არ იყო დაცული.
„სინამდვილეში, სასტუმროში უსაფრთხოება დაცული საერთოდ არ აქვთ. მინა-პაკეტი უხარისხოა, როგორ შეიძლებოდა, 48-50 კილო წონის ქალს ეს მინა გამეტანა? როცა დავზიანდი, ვთხოვე, მინაზე ნიშნული გაეკეთებინათ, რადგან რთული იყო, გაგერჩია სად იყო ფანჯარა და სად - კარი.
სასტუმროს მენეჯრი, დათო სუმბულაძე, ჩემს შემოქმედებას აგდებით ახსენებს. კომენტარებში ეხებიან ჩემს პროფესიას, წერენ, რომ გასაკოჭი ვიყავი და ჩემმა შვილმა რატომ არ დამიჭირა, რომ ოფათალმოლოგთან უნდა წავიდე და ა.შ.
ამ ყველაფრის შემდეგ შეიძლება დამაბრალონ, რომ ჩემს ოთახში ნემსები, მამაკაცები ნახეს და ა.შ. ძალიან ვნანობ, რომ მაშინვე პატრული არ გამოვიძახე, პატრული ალკოტესტს გააკეთებდა“, - აცხადებს ქიტიაშვილი.
საასტუმროს მენეჯერი, დავით სუმბულაძე „ჯი-ეიჩ-ენთან“ განმარტავს, რომ მას ქეთი ქიტიაშვილისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია და თუკი, ის სასამართლოში დავას გეგმავს, ამის საწინააღმდეგო არაფერი აქვს.
„მიმართოს სასამართლოს, თუ დამიდასტურებს, რომ მე როგორც ფიზიკურმა პირმა, დავით სუმბულაძემ პირადად მას, ან მის ახლო ნათესავს შეურაცხყოფა მივაყენე, მზად ვარ, არამხოლოდ სამოქალაქო წესით ვაგო პასუხი, არამედ, სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მივეცე“, - აცხადებს სუმბულაძე.
როგორც ის განმარტავს, მსახიობი შემთხვევითობის მსხვერპლი გახდა.
„როცა სასტუმროში ვცხოვრობთ და ნივთს, რომელიც სასტუმროს საკუთრებაა, დავაზიანებთ, ვართ თუ არა ვალდებული, რომ ის ავანაზღაუროთ? თუკი, სასტუმროში რამე ნივთი დამიზიანებია, ეს ამინაზღაურებია. რაც შეეხება ქალბატონ ქეთევანს, ის სრულიად შემთხვევით გახდა ამ ყველაფრის მსხვერპლი. ორივე კარი იყო ღია და ის მაინც და მაინც, ვიტრაჟს დაეჯახა.
არავინ ყურადღება არ მომაქციაო, წერს. მე პირადად, გადავუხვიე მას ფეხები, შადრევანივით სისხლი არ ასხამდა, უბრალოდ, შუშისგან ჩანათალი ჰქონდა“, - აცხადებს სუმბულაძე.
როგორც ის აღნიშნავს, მსახიობის სიმთვრალესთან დაკავშირებით მას არ უსაუბრია.
„მე არ მითქვამს, რომ ის მთვარლი იყო. ჟურნალისტმა მკითხა ეს. ალკოტესტით არ დავდივარ და სტუმარს არ ვამოწმებ-მეთქი, ვუპასუხე. ადამიანი ფხიზელიც შეიძლება დაეჯახოს რაღაცას და ნასვამიც, თუ მას მხედველობა აკლია. ამაზე აპელირება არ გამიკეთებია. ამას პირველ რიგში, ჩემს თავს არ ვაკადრებ და მითუმეტეს, ქალბატონს.
არც ამ შემთხვევამდე და არც ამის შემდეგ, ამ ქალბატონის მიმართ ყურადღება არ მომიდუნებია, როგორც შემეძლო, მის გვერდით ვიყავი. მიუხედავად მისი წერილებისა, ამ ქალბატონს ვუთანაგრძნობ რაც მოხდა. მისთვის არავის მოუთხოვია თანხის ძალდატანებით გადახდა. როცა მას ფეხი დავბანე, დავუმუშავე, მანაც და მისმა მეგობარმა ქალბატონმაც, რამდენჯერმე გაიმეორეს, ამას ავანაზღაურებთო. ვუთხარი, რომ ამაზე ჯერ ნუ ვისაუბრებდით, მთავარი მისი ჯანმრთელობა იყო.
საღამოს, როცა ოთახში ავედი, ვუთხარი, თუ გაქვთ ამის გადახდის სურვილი, შეგიძლიათ გადაიხდოთ-მეთქი. წინააღმდეგ შემთხვევაში რა მემუქრებაო, მკითხა. თქვენ არაფერი, მე უნდა ავანაზღაურო-მეთქი, ვუპასუხე.
ჩვენი დაჟინებული მოთხოვნის გარეშე, ის ექიმთანაც არ მიდიოდა. ჩემი მეუღლე ეუბნებოდა, ჩემი მანქანით წაგიყვანთ ექიმთანო, მაგრამ არაო, უთხრა. მისი მეგობრები იყვნენ ჩამოსულები და აჩვენეს ქირურგს. როცა მოვიდნენ, ვკითხე, თუ როგორი მდგომარეობა ჰქონდა. არაჩვეულებრივი მდგომარეობა მაქვს, ექიმმა ისიც კი მითხრა, ფეხი რა კარგად გაქვს დამუშავებული, ვინ დაგიმუშავა ასე კარგადო.
მეორე დღეს ძალიან თბილად დაგვემშვიდობა და გავაცილეთ. მისთვის შეურაცხყოფა არავის მიუყენებია. ენას ძვალი არ აქვს, „ფეისბუქზე“ ისეთი რამეები დაწერეს, მიწასთან გაგვასწორეს. ჩვენი მიდგომა მისადმი ბევრად ლოიალურია, ვიდრე მისი ჩვენდამი.
მგონია, რომ ამ ქალბატონს ეს ყველაფერი, რაღაცის პიარისთვის აწყობდა. ამ ქალბატონისთვის, არც იქ ყოფნის დროს და არც შემთხვევის შემდეგ, შეურაცხმყოფელი სიტყვები არ მითქვამს და არც დამიწერია. ძალიან დამწყდა გული მის ასეთ ქმედებაზე“, - აცხადებს სუმბულაძე.