ალექსანდრე ბურჭულაძის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი არ გამორიცხავს, რომ ბურჭულაძის ოჯახზე კიბერთავდასხმა შესაძლოა, ძალოვანი უწყებების მხრიდან ხორციელდებოდეს.
„კიბერთავდასხმა შესაძლოა, გარკვეული ძალოვანი უწყებების მხრიდან ხორციელდებოდეს. მოგეხსენებათ, რა საქმეეებიცაა პაატა ბურჭულაძის წინააღმდეგ დაწყებული მას შემდეგ, რაც საკუთარი პოლიტიკური პოზიცია ოპოზიციურად დააფიქსირა. ასევე მოგეხსენებათ, მისი დისკრედიტაციისთვის რა გადაცემებიც გაუშვეს, ის მისი პოლიტიკური შეხედულებების გამო კონტროლის ქვეშ ჰყავთ. შესაბამისად, არაფერს გამოვრიცხავთ“, - აცხადებს რამიშვილი.
მან ალექსანდრე ბურჭულაძესთან ერთად დღეს, მთავარ პროკურორს, შალვა თადუმაძეს შუამდგომლობით მიმართა, რომ ერთი კვირის განმავლობაში ბურჭულაძეების ოჯახზე განხორციელებული კიბერთავდასხმის საქმე გამოიძიონ.
„ახალ პროკურორს, შალვა თადუმაძეს შუამდგომლობით მივმართეთ და მოვითხოვეთ, ერთი კვირის ვადაში რეაგირება მოახდინონ, პასუხი გაგვცენ გამოძიების მსვლელობის შესახებ და ასევე იმასთან დაკავშირებით, ექსპერტიზიდან ოდესმე თუ იქნება პასუხი.
კიბერთავდასხმას ინტენსიური სახე მიეცა და ახლა უკვე, ალექსანდრე ბურჭულაძის ოჯახის სხვა წევრების ინფორმაციებსაც ითვისებენ.
ოჯახს აქვს ფირმა, ინტერნეტის საშუალებით, გარკვეული სახის ინფორმაციები გაიტანეს. გარდა ამისა, ტელეფონი დამოუკიდებლად აკეთებს სხვადასხვა ოპერაციებს. ეს ადრე მხოლოდ ალექსანდრე ბურჭულაძესთან მიმარტებით ხდებოდა. ახლა უკვე მის ძმაზე, შუქრი ბურჭულაძეზე, მის მეუღლეზეც განხორციელდა.
როგორც პირადი, ასევე ბიზნესსაქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია გაიტანეს. როცა პირად ცხოვრებაში შემოჭრა ხდება, გამოძიება იმისთვისაა, რომ ეს გამოიძიოს.
მოგეხსენებათ, 5 თვის წინ, პროკურატურას ალექსანდრე ბურჭულაძემ განცხადებით მიმართა და განაცხადა, რომ მასზე კიბერთავდასხმა და ტელეფონიდან გარკვეული ინფორმაციის გატანა მოხდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, გამოძიების დაწყება მოვითხოვეთ, დაიწყო, ტელეფონები ექსპერტიზაზე ჩავაბარეთ, მაგრამ 5 თვეა, არაფერს აკეთებენ“, - აცხადებს რამშვილი.
ის ვარაუდობს, რომ ძალოვანი უწყება დროს ხელოვნურად წელავს, რადგან კონკრეტული შედეგების დადგომა არ აწყობთ.
„ეს ყველაფერი ეჭვს ქმნის, რომ ძალოვანი სტრუქტურები მოქმედებენ და საკუთარი თავის გამოშაკარავება არ უნდათ“, - დასძენს რამშვილი.