რადიო "ათინათი" გია ცაგარეიშვილის განცხადებას ეხმაურება. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" რადიოდან აცნობეს, წალენჯიხის რაიონ სოფელ ფოცხოეწერში თბილისიდან ჩასახლებული დევნილების საყოფაცხოვრებო პირობებზე გადაღებული ფოტო მასალა დეპუტატ გია ცაგარეიშვილისთვის "ათინათის" ჟურნალისტებს არ გადაუციათ.
"დეპუტატმა გია ცაგარეიშვილმა ბრიფინგზე წარმოადგინა ფოტო მასალა, რომელიც, მისი ინფორმაციით, რადიო "ათინათის" ჟურნალისტებმა მიაწოდეს. თავის მხრივ რადიო "ათინათი" აცხადებს, რომ გია ცაგარეიშვილმა ფაქტობრივი უზუსტობა დაუშვა, რადგან ჟურნალისტები, რომლებიც ფოცხოეწერში იმყოფებოდნენ, იმ მომენტში არ წარმოადგენდნენ აღნიშნულ მედია ორგანიზაციას. ამასთან, ფოცხოეწერში მოპოვებული აუდიო და ფოტო მასალა რადიოს არ გამოუყენებია", - ნათქვამია რადიო "ათინათის" განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 23 აგვისტოს საქართველოს პარლამენტის წევრმა, პარტია "ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენელმა გია ცაგარეიშვილმა ჟურნალისტებს წალენჯიხის რაიონ სოფელ ფოცხოეწერში თბილისიდან ჩასახლებული დევნილების საყოფაცხოვრებო პირობების ამსახველი ფოტოები აჩვენა.
დეპუტატის განცხადებით, აღნიშნული ფოტო მასალა რადიო "ათინათის" ჟურნალისტებმა გადასცეს.