„სასამართლო სისტემის გამოწვევა საქმეთა განხილვის გაჭიანურებაა,” - ეს განცხადება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ, დღეს პარლამენტში, ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
მისი თქმით, ეს პრობლემა განპირობებულია მოსამართლეთა არასაკმარისი რაოდენობით. „ჩვენს მოქალაქეებს განსაკუთრებით აწუხებთ ის, რომ ძალიან ჭიანურდება საქმეების განხილვა, ვადების დაცვა ხშირად ვერ ხერხდება. ეს არის განპირობებული სასამართლოს გადატვირთულობით და არასაკამარისი რესურსით, მოსამართლეთა რაოდენობის თვალსაზრისით. ამიტომ ვადების დაცვას, ვფიქრობ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სამართლიანი სასამართლოს უფლების კუთხით. ჩვენ ამ კუთხით ცვლილებების ერთი ეტაპი განვახორციელეთ პარლამენტში და ახლა უკვე მეორე ეტაპისთვის ვემზადებით. ამიტომ მგონია, რომ ეს ერთ-ერთი გამოწვევა იქნება. რაც შეეხება სხვა საკითხებს, ეს არის რეფორმების მეოთხე ეტაპის ოთხი თემა, რომელზედაც ვმუშაობთ, გარდა საქმეთა განხილვის დაჩქარებისა,“ - განაცხადა ბესელიამ.
მან სასამართლო სისტემის სტრატეგიის 2017-18 წლების სამოქმედო გეგმის ერთწლიანი ანგარიშის შესახებაც ისაუბრა და ამ მხრივ სასამართლოს ანგარიშვალდებულება დადებითად შეაფასა. სასამართლო სისტემის სტრატეგიის 2017-18 წლების სამოქმედო გეგმის ერთწლიანი ანგარიშის პრეზენტაცია მიმდინარეობს. ღონისძიებას სასამართლოსა და საპარლამენტო ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებიან. ანგარიშის პრეზენტაციას ესწრება მესამე სექტორიც.