"აფხაზი ვეტერანები" თენგიზ კიტოვანისა და რუსეთში მცხოვრები სხვა "სამხედრო დამნაშავეების" აფხაზეთისთვის გადაცემას ითხოვენ. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა "ნუჟნაია გაზეტა" ავრცელებს.
ვეტერან მეომართა ორგანიზაციამ "არუაამ" აღნიშნულთან დაკავშირებით აფხაზ სეპარატისტთა ლიდერს სერგეი ბაღაფშს წერილით მიმართა და მოუწოდა, რუსულ მხარეს კიტოვანისა და სხვა დამნაშავეების გადაცემა მოსთხოვოს. კერძოდ კი, "აფხაზი ვეტერანები" იმ ქართველი მეომრების გადაცემას ითხოვენ, რომლებიც "1992-1993 წლებში აფხაზის ხალხის წინააღმდეგ ბრძოლებში თენგიზ კიტოვანის ხელმძღვანელობით მონაწილეობდნენ".
"აფხაზ ვეტერანები" რუსეთისგან ე.წ. აფხაზ სამართალდამცავებისთვის ყველა ის მებრძოლის გადაცემას მოითხოვენ, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს "აფხაზი ხალხის გენოციდში, აფხაზეთის კულტურის ძეგლების განადგურებასა და მკვლელობებში, მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ არაადამიანურ მოქცევაში, ძალადობასა და ძარცვაში".
"ჩვენ მივიჩნევთ, რომ აფხაზეთის ხელისუფლებამ წინადადებით უნდა მიმართოს რუსეთის ხელისუფლებას, აფხაზეთის სამართალდამცავებს გადაეცნენ სამხედრო დამნაშავეები თენგიზ კიტოვანის ხელმძღვანელობით, რომლებიც ამჟამად რუსეთის ტერიტორიაზე იმყოფებიან", _ ნათქვამია "არუაას" მიმართვაში.
მათი თქმით, საერთაშორისო სამართლით ამგვარი ქმედებები კვალიფიცირდება, როგორც კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული, რომელსაც ვადა არ გასდის.