22 წლის "მის მექსიკა" ხიმენა ნავარატე "მის სამყარო" გახდა. ლას-ვეგასში გამართულ "მის სამყაროს" კონკურსში ნავარატემ 83 მონაწილეს შორის გაიმარჯვა.
"მის სამყარო 2010", რომელიც მექსიკის ქალაქ გვადალახარას მცხოვრებია, სხვა პრეტენდენტებზე უკეთ გამოვიდა კონკურსის ბოლო სამ ტურში _ დეფილე საცურაო კოსტიუმში, საღამოს კაბები და პასუხები ჟიურის კითხვებზე.
ჟიურის კითხვაზე, რომელიც ინტერნეტსა და ოჯახურ ფასეულობებს შეეხებოდა გამარჯვებულმა შემდეგი პასუხი გასცა: "თანამედროვე ცხოვრებაში მსოფლიო აბლაბუდის სამყარო განუყოფელ და აუცილებელ ინსტრუმენტად მიმაჩნია. ამავდროულად, აუცილებელია, მოზარდ თაობას განუვითარდეს ფასეულობები, რომელიც ჩვენ ოჯახისგან გადმოგვეცემა", _ განაცხადა მის სამყარომ.
გამარჯვებულს ბრილიანტებით შემკული გვირგვინი შარშანდელმა გამარჯვებულმა ვენესუელელმა სტეფანია ფერნანდესმა დაადგა.
სილამაზის ვიცე-დედოფლებად იამაიკელი იედი ფილიპსი და ავსტრალიელი ჯესინდა კემპბელი დასახელდნენ.
ტაილანდელი ფონტიპ ვატჩარატრაკული "მის ფოტოგენურობა" გახდა.
ტოპხუთეულში შევიდა უკრაინელი ანა პოსლავსკაია.