დღეს, 24 აგვისტოს, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები პორტუგალიაში გაემგზავრება. საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მორიგ შეხვედრას 26 აგვისტოს პორტუგალიის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ პორტოდან 50 კმ დაშორებაზე მდებარე ქალაქ გიმარაეშში გამართავს.
გუნდი პორტუგალიაში ჩარტერული რეისით თბილისი-პორტო მიემგზავრება. საქართველოს დელგაცია პორტოში კომპანია "ეარ მოლდოვას" კუთვნილი "ეარბას 320"-ით გაფრინდება.
ჩარტერული რეისის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და კალათბურთის ფედერაციის ერთობლივი შეთანხმებით იქნა მიღებული.
საქართველოს ნაკრებს ჯერ კიდევ არ დაუკარგავს ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსი და მნიშვნელოვანია, რომ გუნდს მგზავრობასთან დაკავშირებით არავითარი დაბრკოლება არ შეექმნას.
ჩარტერულ რეისზე მოხვედრა და ნაკრებთან ერთად პორტუგალიაში გამგზავრება გულშემატკივარსაც შეეძლება. კომპანია "სპორტ რაიზენი" გულშემატკივარს სხვადასხვა ღირებულების ტურპაკეტებს შესთავაზებს, რომლის ფასი 400-დან 500 ევრომდე განისაზღვრება.კომპანია არ უზრუნველყოფს გულშემატკივრებისთვის სავიზო მომსახურეობას, მგზავრებს წესრიგში უნდა ჰქონდეთ პასპორტი "შენგენის ზონის" ქვეყნებში შესასვლელი ვიზით.
მომსახურეობაში შევა თვითმფრინავით მგზავრობა, აეროპორტიდან სასტუმროში განთავსება, თამაშის დღეს პორტუდან გიმარაეშში ავტობუსით გამგზავრება, მატჩზე დასწრება და მატჩის შემდეგ პორტუს აეროპორტში დაბრუნება. საქართველოს დელეგაცია პორტუგალიიდან 27 აგვისტოს ადგილობრივი დროით 03:00 საათზე გამოემგზავრება და თბილისში 11:00 საათისთვის ჩამოფრინდება.