გამოძიება სხვადასხვა მიმართულებით გრძელდება. ჩვენ არ გამოვრიცხავთ მოვლენების არც ერთი მიმართულებით განვითარების შესაძლებლობას, ამის შესახებ არაერთხელ ვთქვით და ამის ნათელი დასტურია გუშინდელი დაკავების ფაქტი, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა ხორავას ქუჩაზე, მოზარდების მკვლელობის საქმეზე დ.ღ.-ს დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.
კითხვაზე, იგეგმება თუ არა მ.კ.-ს დაკავება, მეზვრიშვილი პასუხობს, რომ კონკრეტულად ვერ იტყვის, გამოძიება რა მტკიცებულებების მოპოვებას შეძლებს.
"მტკიცებულებების შეგროვება გრძელდება. როგორც კი, საკმარისი სტანდარტი შეგვექმნა იმისა, რომ ბრალდებულის სტატუსით შესაბამისი პირი დაგვეკავებინა, ეს გავაკეთეთ. თუ საჭირო მტკიცებულებების შეგროვებას შევძლებთ და ამ მიმართულებით ძალისხმევას არ ვიშურებთ, რა თქმა უნდა, სხვა პირების დაკავება არ არის გამორიცხული. სხვა ბრალდებებით დაკავებას შესაბამისი მტკიცებულებები სჭირდება, ბრალდების წარდგენას – სტანდარტი. როცა მტკიცებულებები შეიკრიბა და სტანდარტი შეიქმნა, დაკავება „სისხლის სამართლის კოდექსის” შესაბამისი მუხლით მოხდა”, – დასძინა შს მინისტრის მოადგილემ.