"ყველაზე ფართო, ყველაზე გრძელი და ყველაზე ლამაზი ბულვარი ევროპაში", - ასე უწოდა საქართველოს პრეზიდენტმა ბათუმის ბულვარს ქალაქის ზღვისპირა პარკის განვითარების პროექტის პრეზენტაციაზე.
პროექტის ფარგლებში გონიოს პოლიგონსა და ადლიის ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე საცხოვრებელი კორპუსები, მდინარე ჭოროხზე კი ფეხით მოსიარულეთათვის 600 მეტრიანი ხიდი აშენდება. კვარიათის სანაპიროზე დასასვენებელი პარკის მოწყობა იგეგმება.
"მთავარი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ არის ის, რომ არსად არ არის ისეთი გეგმიური განვითარება და არსად არ არის ამდენი ინვესტიცია, რაც აჭარაშია", _ განაცხადა პრეზიდენტმა
აჭარის მთავრობის თავმჯომარის ლევან ვარშალომიძის განცხადებით, პარალელურად გონიოში, სარფსა და კვარიათში წყლისა და კანალიზაციის სისტემების რეაბილიტაცია მოხდება.
ბულვარის სიგრძე ექვსი კილომეტრია, ის სარფამდე გაგრძელდება და მისი სიგრძე 20 კილომეტრს მიაღწევს. 650 ჰექტარ ფართობზე სამუშაოები უკვე დაწყებულია.
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან ახალი ბულვარის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობა უკვე დასრულდა. გზის სამკილომერტიანი მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის 9 მილიონი ლარი დაიხარჯა.