„ქვეყანაში ყველაზე მთავარი გამოწვევა არის სოციალური და ეკონომიკური უფლებები"- ამის შესახებ სოფო კილაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველისანგარიშს მოუსმინეს.
თავის გამოსვლაში დეპუტატმა ისაუბრა ქვეყანაში სოციალური და ეკონომიკური უფლებების გაძლიერების, ისევე, როგორც საზოგადოების ხელმოკლე ნაწილის პრობლემებზე აქტიური საკომიტეტო მსჯელობის საჭიროებაზე. სოფო კილაძემ, თავისი მოსაზრების გამამყარებელ ერთ არგუმენტად სახალხო დამცველის ანგარიშში გაკეთებული აქცენტები მოიყვანა.
მომხსენებლის შეფასებით, საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში, სწორად განისაზღვრა ორი უდიდესი მნიშვნელობის საკითხი: ადამიანის ღირსება, როგორც უზენაესი და ხელშეუხებელი ღირებულება და სოციალური სახელმწიფოს პრინციპი.
„სწორედ ამ ორი ფუნდამენტური პრინციპის ერთიანობა ავალდებულებს სახელმწიფოს, შექმნას სოციალური უსაფრთხოების სისტემა, პირობები იმისათვის, რომ ადამიანებს შეეძლოთ საკუთარი შრომით ღირსეული არსებობა, ხოლო მათთვის, ვინც ფიზიკურად მოკლებულია ამ შესაძლებლობას, სახელმწიფო თავად უნდა იყოს ღირსეული ცხოვრების გარანტი." - განაცხადა სოფო კილაძემ.
მისივე თქმით, სწორედ ამ პრინციპზე დაყრდნობით წარიმართა მსჯელობა კომიტეტში რეკომენდაციების გათვალისწინების განხილვის დროს.