თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ სამადაშვილმა ნიკოლა სარკოზის პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებს შეხვდა.
ზაალ სამადაშვილმა ფრანგ ახალგაზრდებს 30 მაისის თვითმმართველობის არჩევნების და საკრებულოს საქმიანობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
"ახალგაზრდა ფრანგი პოლიტიკოსები საქართველოს 10-დღიანი ვიზიტით ესტუმრნენ, რათა ქვეყნის პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ცხოვრება ახლოს გაიცნონ. ისინი აპირებენ, საფრანგეთში საქართველოს ელჩობის მისია შეასრულონ. ამიტომ ცდილობენ, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, შეძლებისდაგვარად, ღრმად გაეცნონ", _ აღნიშნა ზაალ სამადაშვილმა.
ახალგაზრდა ფრანგი პოლიტიკოსების დელეგაციის ერთ-ერთი წევრის, წარმოშობით ქართველი ნიკოლას პაპიაშვილის განცხადებით, საფრანგეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს და მომავალი თანამშრომლობისთვის მზად არის. ამასთან, იგი მიიჩნევს, რომ აუცილებელია, ევროპამ გააძლიეროს ზეწოლა რუსეთზე, რათა საქართველოდან ოკუპანტების გასვლა უფრო სწრაფად მოხდეს.
შეხვედრას საკრებულოს ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის თავმჯდომარე კოკი იონათამიშვილი და ურბანული დაგეგმარებისა და ძველი თბილისის რეაბილიტაციის კომისიის თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე დაესწრნენ.