საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის კონფედერაციული ურთიერთობები ქვეყნის დამოუკიდებლობას საფრთხეს უქმნის. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ექსპერტმა სოსო ცისკარიშვილმა საქართველო-აზერბაიჯანს შორის შესაძლოა კონფედერაციული ურთიერთობების დამყარების კომენტირებისას განუცხადა.
"მიჭირს ეს იდეა სერიოზულად აღვიქვა. ამ კუთხით ქართველი ხალხის ნების შესწავლით არავინ დაინტერესებულა და არ შეიძლება რაც არ უნდა თავხედი პოლიტიკოსი იყო ქვეყნის დამოუკიდებლობის მოსპობა საკუთარ თავზე აიღო. ეს იდეა ქართული არ არის და თუ ასე განხორცილდა, მაშინ ჩვენ კავკასიაში წამყვან სახელმწიფოს როლზე აღარც უნდა ვიოცნებოთ", - განაცხადა ცისკარიშვილმა.
მისივე შეფასებით, თუ მსგავსი შეთანხმება მართლაც შედგა ეს ნიშნავს, რომ პარტნიორ ქვეყანას, კერძოდ კი სომხეთს საბოლოოდ ჩამოიშორებს ქართული მხარე და მთლიანად რუსეთის ხელში დატოვებს.
"სომხეთს საქართველოში აინტერესებს, რომ განახლებული გზებით შავ ზღვას დაუკავშირდეს და თბილის იყოს უვნებელი პარტნიორი. თუ ეს კავშირი დამყარდა, მაშინ მათ საბოლოოდ ჩამოვიშორებთ. ამასთან, საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ეკონომიკურად ძლიერი აზერბაიჯანს რაში სჭირდება ეს კავშირი. ჩვენი მხრიდან კი, როდესაც დამოუკიდებლობის ნამსხვრევებიღა შეგვრჩა არამგონია "ბიძია დამეხმარეს" იდეა, რომელიც შეიძლება ამ შეთანხმებას ეწოდოს პერსპექტიული იყო. აუცილებელია საკუთარ გასაჭირში გამოსავალი ჩვენთვითონ მოვძებნოთ", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ცისკარიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ განაცხადა, რომ საქართველო-აზერბაიჯანის კონფედერაციული ურთიერთობების ტექნიკური საკითხები უკვე გახმოვანებულია, "დანარჩენი კი დიპლომატიური მოლაპარაკებების საგანია".
"ჩვენი მხრიდან მზაობა არის, დანარჩენი კი დიპლომატიური მოლაპარაკებების საგანია. ასეთი ურთიერთობების არსებობისათვის მზადყოფნას გამოვთქვამთ", _ განაცხადა კალანდაძემ.
საქართველო-აზერბაიჯანის კონფედერაციული ურთიერთობების შესაძლებლობის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა 18 ივლისს, ილჰამ ალიევის საქართველოში ვიზიტის დროს ისაუბრა. "საქართველომ და აზერბაიჯანმა კონფედერაციული ურთიერთობები უნდა ჩამოვაყალიბოთ, რადგან ჩვენი ურთიერთობები ჩვეულებრივ ქვეყნებს შორის ურთიერთობებს აღემატება", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ცნობისთვის, კონფედერაცია ნიშნავს ორი ან რამდენიმე სახელმწიფოს ისეთი კავშირი, როდესაც მასში შემავალი სახელმწიფოები სრული სახით ინარჩუნებენ საკუთარ სუვერენიტეტს და საერთაშორისო სამართლის სუბიექტებად რჩებიან. კონფედერაცია თვითონაც მონაწილეობს საერთაშორისო ურთიერთობებში როგორც სუბიექტი და აქვს საერთაშორისო სამართალსუბიექტის ნიშნები, მაგრამ შეზღუდული სახით. კონფედერაციის ჩამოყალიბება ფორმდება საერთაშორისო ხელშეკრულებით, რომლის საფუძველზეც კონფედერაციას გადაეცემა უფლებამოსილება გარკვეულ სფეროებში. ჩვეულებრივ, ეს სფეროებია: ომი და ზავი, საგარეო პოლიტიკა,შეიარაღებული ძალები. შესაძლოა მათ განეკუთვნებოდეს აგრეთვე საფინანსო პოლიტიკა და ა.შ. მაგრამ იმის გამო, რომ კონფედერაციის წევრი სახელმწიფოები სუვერენიტეტს ინარჩუნებენ, გადაწყვეტილებები მისთვის გადაცემული კომპეტენციის ფარგლებშიც მისი ყველა სუბიექტის თანხმობის შემთხვევაში მიიღება.
კონფედერაცია გარდამავალი ტიპის რთული სახელმწიფოა, რომელიც ზოგიერთი გამონაკლისის გარდა ან ფედერაციაში გადაიზრდება (აშშ 1776-1787, შვეიცარია 1815-1848), ან იშლება (გამბია და სენეგალი 1982-1989).